May be an image of ტექსტითბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდა. სამი ქალებში (48, 52, 57 კგ. წონით კატეგორიებში) და ორი – ვაჟებში (60, 66). საქართველოს დელეგაციის მონაგარი ერთი ოქრო და ორი ვერცხლის მედალია.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ წრეში ყაზახი ტოკტარ უმათულიევი დაამარცხა, შემდეგ – ესპანელ ხუსტო ნუნეს როდრიგესსაც მოუგო, მეოთხედფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენკხტაივანს აჯობა, ნახევარფინალში კი, მეტოქედ ნიდერლანდის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუა ერგო და მასთან მოგებით ფინალში გავიდა, სადაც უზბეკი კემრან ნურილაევი დახვდა. უზბეკმა არასპორტული ილეთი გააკეთა ქართველის წინააღმდეგ, რის გამოც მსაჯებმა მოხსნეს და ოქროს მედალი ნოზაძემ ირგუნა.

ამავე წონაში პირველივე ორთაბროლა წააგო შაქრო შათირიშვილმა, რომელიც მაროკოელ ისამ ბასოუსთან დამარცხდა, ხოლო ლაშა ჩადუნელმა პირველი ორთაბრძოლა მონღოლ უნაბოლდ ლახვაგვაჯამცთან კი მოიგო, მაგრამ მეორე წრეში რუს კონსტანტინ სიმეონიდისთან ვერაფერი გააწყო და ტურნირს გამოეთიშა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული მეოთხედფინალი შედგა – ერთამანეთს ბაგრატ ნინიაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე მარგველაშვილმა ჯერ ყატარელი აიობ ელდირისი დაამარცხა, მერვედფინალში კი – ებრაელი ამიტ ბობოვიჩი. ნინიაშვილმა კი, პირველი ორთაბრძოლა პერუელი ხუან პოსტიგოსს მოუგო, შემდეგ – მაროკოელ იმად ბასოუს.

ქართულ მეოთხედფინალი მარგველაშვილის გამარჯვებით დასრულდა. მარგველაშვილმა ნახევარფინალში მოლდოველ დენის ვერიუს მოუგო და ფინალში გავიდა. ვაჟას მეტოქედ უზბეკი სარდორ ნურილაევი ჰყავდა, მაგრამ ჩვენებურმა 15 წამში იპონით წააგო.

ნინიაშვილმა კი, ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვთან მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის მონღოლ კერლენ განბოლდს დაუპირისპირდა. იქ უკვე ჩვენებურმა შეუქმნა საფრთხე საკუთარ თავს მეტოქის ილეთისას და დამარცხება ჩაეთვალა.

ამავე წონაში ბექა წიფიანმა პირველი ორთაბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ ამირ დანტესთან კი მოიგო, მაგრამ მეორეში მონღოლ კერლენ განბოლდთან დამარცხდა.

57 კილოგრამში ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის იბრძოდა. ბრიტანელ ასელია ტოპრაკის, სამხრეთაფრიკელი დონა ბრეიტენბახისა და რუსი დარია მეეჟეტსკაიას დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში მეტოქედ მსოფლიო ჩემპიონი კანადელი კრისტა დეგუჩი ერგო. კანადელი თავიდან ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ეთერმა იპონით მოახერხა მეტოქის დამარცხება და ფინალის საგზური მოიპვა, სადაც კოსოვოელ ნორა გიაკოვას დაეჭიდა. ჩვენებურმა კი იბრძოლა, მაგრამ უფრო გამოცდილ მოჭიდავესთან ვაზარით დამარცხდა.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველთაგან მზია ბებოშვილი, მარიამ ჯანაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ჭიდაობდნენ.

ტატაიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველ წრეში შვეიცარიელ ფაბიენე კოჩერს მოუგო, შემდეგ მონღოლ ხორლოდოი ბიჩერელს, მეოთხედფინალში ნიდერლანდელი ნაომი ვან კრეველს, ნახევარფინალში კი, იტალიელ ოდეტე გიფრიდთან დამარცხდა. სამწუხაროდ, ლევიცკა-შუკვანმა ვერც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოიგო და უნგრელ რეკა პუპთან წააგო.

ბებოშვილი და ჯანაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდნენ – ჯანაშვილმა იტალიელ ოდეტე გიფრიდთან წააგო, ხოლო ბებოშვილმა ბრაზილელ ლარისა პიმენტასთან.