ესპანური გამოცემა AS ავრცელებს ცნობას, რომ 29 წლის მადრიდელი ლუკას ვასკესით მიუნხენის „ბაიერნია” დაინტერესებული. ვასკესს „რეალთან” კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გაუდის.

მეტიც, გაზეთი წერს, რომ მხარეები უკვე ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და საერთო ენაც გამონახეს.

იმას, რომ AS-ის ინფორმაცია მართალია, გვაფიქრებინებს ისიც, რომ ვასკესი „რეალთან” ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, დრო კი აღარ ითმენს. ამბობენ, რომ „თეთრები” ფეხბურთელთან ვერ თანხმდებიან და, სავარაუდოდ, სწორედ ამან წააქეზა გერმანიის „რეკორდმაისტერი” გამოეჩინა ინიციატივა — ვასკესისთვის ტრანსფერი შეეთავაზებინა.

ლუკას ვასკესი ესპანეთის ნაკრებში გამოძახებების რაოდენობით ვერ დაიკვეხნის, სულ ცხრაჯერ ეცვა „ლა როხას” ფორმა. ის საკლუბო კარიერას ძირითადად „რეალში” ატარებს, მხოლოდ 2014-15 წლებში იყო იჯარით გაშვებული ქალაქ ბარსელონის კლუბ „ესპანიოლში”. სწორედ „ესპანიოლიდან” დაბრუნების შემდეგ დაიმკვიდრა ვასკესმა ადგილი „ლოს ბლანკოსის” ძირითად შემადგენლობაში, სადაც თავდამსხმელადაც თამაშობს, ნახევარმცველადაც და საჭიროების შემთხვევაში მცველადაც. მისი სამოქმედო ფლანგი მეტწილად მარჯვენაა.

მიმდინარე სეზონში ლუკას ვასკესმა მონაწილეობა მიიღო ლა ლიგის 22 და ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრაში; გაიტანა 2 გოლი და შვიდჯერ საგოლე პასი გადააწოდა.