მიმდინარე სეზონის 34 შეხვედრაში გატანილი 30 გოლით კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსის” მთავარ შემტევ ძალად რჩება. გასულ სეზონში მან 46 თამაშში 37 გოლი შეაგდო, ხოლო 2018-19 წლებში 43 შეხვედრაში 28. ესპანური გაზეთი „მარკა” მოყვანილ სტატისტიკას ასე უყურებს: 2018 წლიდან, ანუ რონალდუს გაყიდვის შემდეგ, „რეალმა” 95 გოლი მოიკლო.
რასაკვირველია, „ლოს ბლანკოსის” თავდასხმაში ცარიელი ადგილი უპატრონოდ არ დარჩენილა, მის შევსებას მეტ-ნაკლები წარმატებით ფრანგი ქარიმ ბენზემა ცდილობს, მაგრამ დიდი რონალდუს აჩრდილი „რეალში” მაინც შესამჩნევია.
სულ ახლახან, „თეთრების” კაპიტანმა სერხიო რამოსმა თქვა: „მე მას არ გავუშვებდი, რადგან ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი დახმარებით კიდევ უფრო ახლოს ვიქნებოდით დიდ გამარჯვებებთან. ერთმანეთთან დაცილებით კრისმაც წააგო და გუნდმაც. ის არის მოთამაშე, რომელიც მატჩების ბედს წყვეტს”.
„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი კი კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა: „კრიშტიანუ შეიძლება დაბრუნდეს”.
რონალდუს „რეალში” დასაბრუნებლად, პირველი ნაბიჯი ცხადია მისი „იუვენტუსიდან” წასვლა უნდა იყოს. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ტურინში პორტუგალიელის კარიერა დასასრულს უახლოვდება.
რონალდუ „რეალიდან” „იუვეში” იმიტომ გადავიდა, რომ იქ ახალი პროექტის ცენტრალური ფიგურა უნდა გამხდარიყო, ხოლო „ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგა უნდა მოეგო. „იუვენტუსი” უნდა გამხდარიყო ევროპული ფეხბურთის ისეთივე დომინანტი, როგორიც „რეალი” იყო.
რონალდუსა და ტურინული კლუბის სამწუხაროდ, გეგმა ვერ შესრულდა. „იუვე” ჩემპიონთა ლიგის სამ გათამაშებაში ერთადერთხელ გავიდა მეოთხედფინალში და მაქსიმუმიც ეს გამოდგა.
მიმდინარე სეზონში ტურინელებს სერია A-ში 11 თამაში დარჩათ, ლიდერ „ინტერს” 10 ქულით ჩამორჩებიან და სავარაუდოდ, სკუდეტოს მოპოვება გაუჭირდებათ. ჩემპიონთა ლიგიდან ისინი უკვე გავარდნენ და რჩებათ ერთადერთი ტიტული, რომელთანაც ახლოს არიან. ეს გახლავთ იტალიის თასი, სადაც 19 მაისს, ფინალში „ატალანტას” უნდა შეხვდნენ.
ამრიგად, თუკი კრიშტიანუ „რეალში” გადასვლაზე ყაბულს იქნება, „სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა დასხდნენ და დათვალონ, შეუძლიათ თუ არა მისი ყიდვა და ხელფასით უზრუნველყოფა.