„სელტიკის”, „ფულემისა” და „ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი, 24 წლის ფრანგი მუსა დემბელე, რომელიც ამჟამად „ლიონს” „ატლეტიკოში” ჰყავს იჯარით გასხვისებული, მადრიდული კლუბის ვარჯიშზე უგონოდ დაეზღერთა. ეს უსიამოვნო კადრი ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ.

დემდელემ გონება მაშინ დაკარგა, როდესაც გუნდი სერიოზულ ვარჯიშებზე ჯერ არ იყო გადასული, კუნთებს ახურებდა. ინციდენტის შემდეგ, თავდამსხმელის ჯანმრთელობას ექიმები ზედმიწევნით აკვირდებიან.

დღეს, მან „ატლეტიკოს” სამედიცინო ცენტრში საფუძვლიანი გამოკვლევა უნდა გაიაროს.

მოგეხსენებათ, დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგაში ლიდერობს. „მატრასების მკერავები” ოთხი ქულით უსწრებენ „ბარსელონას”, ხოლო ექვსი ქულით — „რეალს”, მაგრამ დემბელეს, რომელიც მადრიდში წლეულს გადაბარგდა, ჯერ სასტარტო შემადგენლობაში არ უთამაშია. ის სულ ორჯერ შევიდა მოედანზე და გოლი ვერ გაიტანა.

საინტერესოა, რომ „ატლეტიკოში” დემბელეს კარგი თამაშით დაინტერესებულია… მისი ყოფილი კლუბი „სელტიკი”. საქმე ის არის, რომ თუ მადრიდელებს ფორვარდი მოეწონებათ და ეგრეთწოდებულ მუდმივ კონტრაქტს გაუფორმებენ, მართალია, სატრანსფერო თანხის ძირითადი ნაწილი „ლიონს” ერგება, მაგრამ 10 პროცენტი გლაზგოელებს ჩაერიცხებათ.

ამასწინათ, დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ფრანგს ჯერ კიდევ დააკვირდება და დასძინა: „იმის მიხედვით ნუ მსჯელობთ, რამდენი წუთი დაჰყო დემბელემ მოედანზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სათამაშო წუთების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორ ითამაშებს ფეხბურთელი. იმედი მაქვს, რომ დემბელესგან ჩვენ მივიღებთ იმას, რისთვისაც ის მოვიწვიეთ”.

ესპანეთში გადაბარგების შემდეგ დემბელეს მცირე ტრავმაც ჰქონდა და კოვიდიც.

გონების დაკარგვის შემდეგ, ის მოედანზევე გამოერკვა და თავისი ფეხით გაჰყვა ექიმებს.