ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში მაიამის პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 4.299.205 დოლარია, ხოლო გამარჯვებული 1.000 ქულას მიიღებს.
ბასილაშვილი, რომელიც გასულ კვირაში ორი ადგილით დაქვეითდა და ახლა რეიტინგში 38-ე ჩოგანია, ტურნირზე 27-ე ნომრადაა განთესილი. ეს იმის გამო, რომ რამდენიმე წამყვანმა ჩოგბურთელმა მაიამიში თამაშზე უარი თქვა, მათ შორის დიდმა სამეულმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფა ნადალმა და როჯერ ფედერერმა.
ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მე-2 რაუნდში კი, შვედ მატიას იმერსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის მოგებულს ეთამაშება. წარმატების შემთხვევაში ნიკოლოზს მეთექვსმეტედ ფინალში, სავარაუდოდ, მე-3 განთესვის გერმანელი ალექსანდერ ზვერევი შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ მაიამის საჩოგბურთო ტურნირი შარშან კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა.