„ბარსელონადან” წასვლის შემდეგ ერიკ აბიდალმა პირველი ინტერვიუ მისცა და ის სკანდალური გამოდგა. ფრანგმა ვეტერანმა, რომელიც მას მერე, რაც თამაშს თავი დაანება, „ბარსაში” ტექნიკურ მდივნად მუშაობდა თქვა, რომ 2019 წელს ის ნეიმარს „კამპ ნოუზე” აბრუნებდა.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ათი დღით ადრე, ლეონარდოსთან (ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი და პსჟ-ს სპორტული დირექტორი) სალაპარაკოდ პარიზში ჩავედი. ჩემთან ერთად იყო ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ პარიზში ნეიმარის შესახებ ვილაპარაკეთ.

რად უნდა დიდი მიხვედრა, რომ როდესაც კლუბის აღმასრულებელი დირექტორი სადმე ჩადის, ესე იგი განზრახვა სერიოზულია და კლუბს ფეხბურთელის ყიდვა შეუძლია. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხნით ადრე გრიზმანი რომ არ გვეყიდა, ნეიმარს გადავიბირებდით. ჩვენ მაშინ გარემარბი გვჭირდებოდა, ნეიმარი კი „ბარსელონაში” შეუდარებელი იყო. აქ იმაზე არ მაქვს ლაპარაკი, რომელი ფეხბურთელი რომელს სჯობია, არამედ იმაზე, მე გუნდისთვის რომელი პოზიციის გაძლიერება მიმაჩნდა აუცილებლად. მაშინ, „ბარსელონას” ნამდვილი გარემარბი სჭირდებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა გრიზმანის შეძენა ამჯობინა”, — თქვა აბიდალმა.

როგორც ირკვევა, ნეიმარის ტრანსფერი „პარი სენ ჟერმენიდან” „ბარსელონაში” პოლიტიკისა და ფულის გამო არ შედგა. კერძოდ, იმხანად ბრაზილიელი ცდილობდა „ბარსელონასთვის” გვარიანი თანხა გადაეხდევინებინა. ლაპარაკი იყო ფულზე, რომელიც ნეიმარის აზრით მას ეკუთვნოდა, კლუბი კი არ აძლევდა.

აბიდალი: „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ნეიმარი იმხანად „ბარსელონას” წინააღმდეგ სასამართლოში დავობდა. კლუბში კი თქვეს, თუ ჩვენთან დაბრუნება უნდა, სარჩელი გაიტანოსო. ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტი არ იყო, რადგან როდესაც ნეიმარი და „ბარსელონა” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე კლუბში არ ვიყავი. ასე რომ, პირადად ჩემთვის ნეიმარის „ბარსაში” დაბრუნების ისტორია ასე დასრულდა: ფეხბურთელის ყიდვა შემეძლო, მაგრამ არ მაყიდინეს”.