ამ თამაშის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერი ტრადიციების პატივისმცემელ ინგლისელ გულშემატკივართა სიყვარულს ვერ მოიმკიდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჯერ თასების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, შემდეგ კი ეს საქმითაც დაადასტურა და თავისი მთავარი ვარსკვლავი ბრუნო ფერნანდეში სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ ათამაშა.
შედეგად, ფეხბურთის ასოციაციის თასის ეს მეოთხედფინალური მატჩი შესანიშნავად მოთამაშე „ლესტერის” გამარჯვებით დასრულდა — 3:1. ამრიგად, „მელიები” გავიდნენ ნახევარფინალში, სადაც 39 წელია არ ყოფილან და ამაში ლომის წილი 24 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა კელეჩი იჰეანაჩომ ორი გოლით დაიდო.
მიმომხილველთა აზრით, მანჩესტერელთაგან განსაკუთრებით ცუდად ნახევარმცველმა ფრედმა და კაპიტანმა ჰარი მაგუაირმა ითამაშეს. მაგუაირი „იუნაიტედამდე” „ლესტერის” ფეხბურთელი იყო.
ზემოთ, ვთქვით, რომ სულშერმა თასებისადმი უპატივცემულობა გამოხატა. კერძოდ, მან თქვა, რომ გუნდის ავ-კარგი რეგულარურ ჩემპიონატში ჩანს, თასებს კი მწვრთნელები თავმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყენებენ. სავარაუდოდ, ნორვეგიელმა ამ ნათქვამით თავისი წინამორბედი, ამჟამად „ტოტენჰემის” თავკაცი ჟოზე მოურინიუ გაკენწლა, ხაზი გაუსვა რა, რომ თასების მოგება სატრაბახო არ არის.
მაგრამ, არც სულშერის კარიერას ამშვენებს ის ფაქტი, რომ ბოლო ორ წელიწადში ოთხი ნახევარფინალი წააგო.
საინტერესოა, რომ „ლესტერის” თავკაცი ბრენდენ როჯერსი არასდროს ყოფილა რომელიმე ინგლისური თასის ფინალში. ახლა კი შანსი აქვს. „ლესტერი” ნახევარფინალში „საუთჰემპტონს” ხვდება, სწორედ იმ „საუთჰემპტონს”, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედმა”(!) არცთუ დიდი ხნის წინ, 3 თებერვალს, 9:0 მოუგო…