„ბარსელონას” მწვრთნელი რონალდ კუმანი კმაყოფილებას ვერ მალავდა: გუნდმა დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი მიართვა — „რეალ სოსიედადს” 6:1 მოუგო.

ახლა, „ბარსა” ლა ლიგის 18 შეხვედრაში დაუმარცხებელია და ლიდერ „ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩება.

„ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, — თქვა კუმანმა, — ჩვენი გუნდი თავდაჯერებული და ფიზიკურად ძლიერია. თუმცა, კონკრეტული შედეგი არაფრის გარანტიას არ იძლევა. ჩვენ ყოველი შეხვედრისთვის საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ.

დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ დარჩენილ შეხვედრებში აღარ დავმარცხდებით. წინ რთული თამაშებია. ამიტომ, ყველაზე კარგი იქნება თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველი მატჩში მაქსიმალურ ყურადღებას მოვიკრებთ.

გამარჯვებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დამაგვირგვინებელ ფაზაში ისეთივე შედეგიანები ვიყოთ, როგორც დღეს ვიყავით.

ჩემპიონატის დასრულებამდე გრძელი გზაა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. „ატლეტიკო” ძლიერი გუნდია, მაგრამ მისი და „ალავესის” შეხვედრაში (1:0) ყველამ დავინახეთ, რომ ნებისმიერი შეხვედრა რთულია. რთული იქნება ყველა შეხვედრა „რეალისთვისაც”, რომელიც ჩვენსავით ჩემპიონობისთვის იბრძვის. ვფიქრობ, სეზონის დასასრული ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება.

დასაწყისში პრობლემები გვქონდა. ჩემპიონატის მსვლელობისას ბევრი რაღაც შევცვალეთ. ახალი სამწვრთნელო იდეა და პროექტი დროდადრო ნებისმიერ გუნდს სჭირდება. თავიდან გოლების გატანა გვიჭირდა და დაცვაშიც ვცდებოდით, ახლა კი მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობთ და ეს შედეგებსაც ეტყობა”.

ზემოთ კუმანის დაბადების დღე ვახსენეთ. ჰოლანდიელი 58 წლისა გახდა. ამავე დღეს ჟორდი ალბა 32 წლის მოიყარა, ანტუან გრიზმანი კი ოცდაათის.