„დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა — კიოლნში 2:2 ითამაშა და რომ არ წააგო, ერლინგ ჰოლანდს უნდა უმადლოდეს.
„კიოლნი” წლეულს სუსტად თამაშობს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. „დორტმუნმა” მასთან შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნა — პირველი გოლიც ჰოლანდმა შეაგდო — მაგრამ, შემდეგ მასპინძლებმა ფხა გამოიჩინეს, ორი გაიტანეს და გამარჯვებამდე აღარაფერი აკლდათ, მაგრამ სტუმრები ისევ ნორვეგიელმა იხსნა. მისთვის „კიოლნის” კარში გატანილი გოლები მიმდინარე სეზონში მე-20 და 21-ე იყო, თუმცა თავდამსხმელი ქულების დაკარგვამ ისე გაანაწყენა, რომ პირადი მიღწევა დიდად არ გახარებია.
როგორც კი საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, ჰოლანდი გასახდელისკენ გაეშურა. არც თანაგუნდელებისთვის ჩამოურთმევია ხელი და არც მეტოქეებისთვის. თავისი მაისურა მოწინააღმდეგე გუნდის ესპანელ მოთამაშეს ხორხე მერეს ისე გადაუგდო, არც გაჩერებულა. ეტყობა, ადრევე იყვნენ შეთანხმებულები.
თამაშის დამთავრებიდან ორი საათის შემდეგ კი ნორვეგიელმა ასე დატვიტა: „ეს ნამდვილად არ იყო კარგი შედეგი. სხვა რა დაგვრჩენია, დღევანდელ დღეს სამოტივაციოდ გამოვიყენებთ და შემდეგ შეხვედრებში კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით”.
„დორტმუნდის” მწვრთნელი ედინ ტერზიჩი: „ყველა შეამჩნევდით ერლინგის იმედგაცრუებას, რაც იმან გამოიწვია, რომ მას ძალიან უნდოდა კიოლნიდან სამი ქულის წაღება. მისი სათამაშო ოსტატობა ხომ აშკარაა, მაგრამ ჰოლანდს სხვა ფეხბურთელებისგან გამარჯვებისკენ სწრაფვაც გამოარჩევს”.
„დორტმუნდი” 26 თამაშის შემდეგ 43 ქულით მეხუთე ადგილზეა. მეოთხე პოზიცია ასევე 26 თამაშის შემდეგ 47 ქულიან „აინტრახტს” უჭირავს.
ბუნდესლიგას ლიდერობს „ბაიერნი”, რომელსაც 61 ქულა აქვს.