ესეც ასე! „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის გასვლითი ნაწილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მაჟორული აკორდით დააგვირგვინა – რუსეთს რუსეთშივე 23:6 მოუგო, თან სამი უპასუხო ლელო დაუდო და შედეგად ბონუს-ქულაც მოიპოვა.

ეს ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებმა მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს, რადგან წინ თბილისში რუმინეთთან და ბელგია-ნიდერლანდებს შორის უძლიერესთან შეხვედრებიღა რჩება.

No description available.რუსებს რომ ყველგან მოვუგებდით, ეს ჩვენ ვიცოდით. პრინციპში, რუსებსაც ეცოდინებოდათ, რომ კრასნოდარი იქნება, კრასნოიარსკი თუ ახლა უკვე კალინინგრადი, ბორჯღალოსნები სადაც დაიჭერენ, იქ დაამარცხებენ!

ბოლო დროს დიდ გულზე კი იყვნენ, მაგრამ საფეხბურთო კლუბ „ბალტიკას“ საშინაო არენის თოვლისგან საგულდაგულოდ გაწმენდილმა და მძიმე გაზონმაც ვერ უშველათ.

პირველი ლელო აკა ტაბუცაძემ გაიტანა, მერე თავი თედო აბჟანდაძემ გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი თედომ მშვენივრად დაგეზა დავით ნინიაშვილი და ნორჩმა ფულბეკმა კარიერაში პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. აბჟანდაძემ მხოლოდ ეს ლელო გარდასახა, პირველ ტაიმში ორივე ააცილა, თუმცა სამაგიეროდ ორი საჯარიმო გაიტანა – ესაა ბორჯღალოსანთა 23 ქულის არითმეტიკა. რუსებმა კი რამილ გაისინის 2 ზუსტი გასროლითღა უპასუხეს.

No description available.ბოლოს ქართველებმა გაილაღეს და ის რაგბი აჩვენეს, რომელსაც ამდენი ხანია მათგან ველოდებით. ეტყობა, რუსეთის ფაქტორმა თავისი ქნა…

ასეა თუ ისე, ეს იყო ქართველთა 23-ე გამარჯვება რუსებთან 25-ე ჯახში.

მომდევნო კვირას, 28 მარტს რუმინეთს ვუმასპინძლებთ და ანთიმოზ ივერიელის თასის შენარჩუნებაზე ვითამაშებთ – ეს ჯილდო ამ ორ გუნდს შორის თამაშდება.