როგორც ამბობენ, პრაღის სლავიას მცველი ონდრეი კუნდელა „გლაზგო რეინჯერსის” ნახევარმცველმა გლენ კამარამ გასახდელში სცემა. ლაპარაკია ნამდვილ ცემაზე, მუშტებით და დასისხლიანებით. მიზეზი: კუნდელას კამარასთვის რასისტული შეურაცხყოფა მიუყენებია.

უეფამ გამოძიება დაიწყო, „რეინჯერსის” თავკაცი სტივენ ჯერარდი კი გამომძიებლებს სიმკაცრეს სთხოვს, რადგან ფინელი კამარა მომხდარს დაუთრგუნავს. თავის მხრივ, ჩეხები გლენ კამარას და „რეინჯერსის” დასჯას ითხოვენ — ადამიანის ცემა სერიოზული დანაშაულია.

ჩეხური გაზეთი  Seznam Zprávy წერს, რომ „სლავიამ” პოლიციას გამოუძახა და გუნდმა სტადიონი დაცვის თანხლებით დატოვა. ესკორტმა მიაცილა გუნდი სასტუმრომდე. კლუბს საქმის კურსში ჩაუყენებია ბრიტანეთში ჩეხეთის საელჩო და პირადად ელჩიც.

„სლავიას” პრეზიდენტმა იაროსლავ ტვრდიკმა „ტვიტერზე” დაწერა: „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ფაქტს, რომ ონდრეი კუდელამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი რასისტულად (!) შეურაცხყო. მატჩის შემდეგ კი ჩვენს ფეხბურთელებს ფიზიკურად დაესხნენ თავს. „სლავიას” მოთხოვნით ჩხუბი ადგილობრივმა პოლიციამ გაასველა. გვინდა უეფამ სიტუაცია დეტალურად განიხილოს”.

„რეინჯერსმა”, რომელსაც 61-ე და 73-ე წუთებზე მოედნიდან კიმარ რუფი და ლეონ ბალოგუნი გაუძევეს, ამ შეხვედრაში 0:2, ორი მატჩის ჯამში კი 1:3 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. მეოთხედფინალში გავიდა „სლავია”.

კონფლიქტებმა საკუთრივ შეხვედრაც დაამძიმა. მისი მსვლელობისას იყო კინკლაობები. „რეინჯერსის” კაპიტანმა კონორ გოლდსონმა კუდელას საფინალო სასტვენის შემდეგ საქმის გარჩევა დაუწყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ კამარაც გაარიდა იქაურობას. მერე გაირკვა, რომ კამარა გასახდელში ჩასაფრებულა.

სტივენ ჯერარდი: „კარგად მესმის, რომ რასისტული შეურაცხყოფა შესაძლებელია ვერც ერთ მსაჯს ვერ გაეგო და მას ვერც VAR-ით გამოიკვლევ. „სლავიას” ფეხბურთელმა ტუჩებზე ხელი მიიფარა, კამარას ყურთან დაიხარა და ისე მიაყენა მას შეურაცხყოფა. ძალიან გაბრაზებული ვარ. ფეხბურთში რაღა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ერთადერთი, რაც მე შემიძლია გავაკეთო ის არის, რომ ასი პროცენტით, ბოლომდე გლენ კამარას გვერდით ვიდგები”.