„რეალის” ბელგიელ ვარსკვლავს, 30 წლის ედენ აზარს შეიძლება კარიერისთვის თავის დანებება მოუხდეს. ის კვლავ დაშავდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამბობენ, ტრავმა თვითონ მიიღოო. არადა, გასულ შაბათს, „ელჩესთან” შეხვედრაში, აზარი მოედანზე ვინისიუს ჟუნიორის ნაცვლად ბოლო 15 წუთით შევიდა და გამოჯანმრთელებასთან ერთად გამარჯვებაც (2:1) იზეიმა. ახლა კი, ისევ კვირები უნდა გამოტოვოს.
ესპანური მედია წერს, რომ კოჭთან კუნთის ამდენმა ტკივილმა ის შეიძლება ფეხბურთს ჩამოაშოროს. ამბობენ, რომ ბელგიელს მესამე ოპერაცია დასჭირდება — წინა ორი 2017 და 2020 წლებში გაიკეთა — მაგრამ „ატლეტიკოს” ყოფილი ექიმი, ესპანეთში ცნობილი ხოსე გონსალესი ბელგიელს აფრთხილებს, რომ კიდევ ერთმა ქირურგიულმა ჩარევამ მას შესაძლოა კარიერა დაასრულებინოს.
„კოჭზე მესამე ოპერაცია ძალიან სარისკოა, — თქვა გონსალესმა El Transistor-თან ინტერვიუში, — დიდი შანსია აზარმა საერთოდ შეწყვიტოს ფეხბურთის თამაში. ოპერაციის გარეშე ის ერთ თვეში შეიძლება ვარჯიშს შეუდგეს, მაგრამ თამაში გამორიცხულია. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ამ სეზონში ედენი „რეალის” შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებს “.
„რეალმა” ედენ აზარში 2019 წელს, „ჩელსის” 115 მილიონი ევრო გადაუხადა.