ჩემპიონთა ლიგაში 70 გოლი დიდებული შედეგია — „ატალანტას” კარში შეგდებული ბურთი ქარიმ ბენზემას კარიერაში სწორედ 70-ე გამოდგა, „რეალმა” კი 3:1 გაიმარჯვა (პირველ შეხვედრაში 1:0 ჰქონდა მოგებული) და ბოლო სამ სეზონში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. 2018 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „ლოს ბლანკოსმა” ბოლოჯერ მოიგო ლიგა და კრიშტიანუ რონალდუს შეელია, გუნდს მეოთხედფინალში აღარ ჰქონდა ნათამაშევი.

ევროპის უდიდეს საკლუბო შეჯიბრებაში 33 წლის ფრანგზე მეტი მხოლოდ ოთხ ფეხბურთელს აქვს გატანილი: კრიშტიანუ რონალდუს —134, ლეო მესის — 120, რობერტ ლევანდოვსკის — 72 და რაულს — 71.

მადრიდელთა მეორე გოლი ახალგამოჯანმრთელებულმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა პენალტით შეაგდო. ეს მე-60 წუთზე მოხდა. შეხვედრის მიწურულს კი ერთწუთიანი დრამა გათამაშდა: 83-ე წუთზე ლურის მურიელმა საჯარიმო დარტყმით „თეთრების” კარში შესანიშნავი გოლი შეაგდო და „ატალანტას” ბედის შემოტრიალების იმედი ჩაესახა, მაგრამ მატჩს წერტილი მაინც მადრიდელებმა დუასვეს — მურიელის შედეგიანი დარტყმიდან ერთ წუთში მარკო ასენსიომ ანგარიში 3:1 გახადა.