„მანჩესტერ სიტის” წარმატება სწყურია. და მართალია, პეპ გვარდიოლას არ მოეწონა თავისი უკრაინელი მცველის, ოლექსანდრ ზინჩენკოს ამასწინანდელი ნათქვამი, წლეულს ოთხივე მსხვილ შეჯიბრებაში უნდა გავიმარჯვოთო — გვარდიოლამ იცის, რომ სეზონის ყველაზე რთული და დამქანცველი პერიოდი სწორედ ახლა იწყება — „ქალაქელები” ჯერჯერობით მაინც მუსრს ავლებენ ყველასა და ყველაფერს.

„სიტის” მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან” პირველ შეხვედრაში 2:0 ჰქონდა მოგებული და ბუდაპეშტში გამართულ საპასუხო შეხვედრაში ალბათ ძალების დაზოგვაზეც ფიქრობდა, მაგრამ კლასი კლასია — მე-12 და მე-18 წუთებზე კევინ დებრუინისა (ვიდეო) და ილქაი გუინდოგანის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლების წყალობით, საერთო ანგარიშს მეორე შეხვედრაშიც 2:0 დაამატა.

შედეგად, „მანჩესტერ სიტი” ზედიზედ მეოთხედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

და, ვიყოთ გულწრფელნი, ამ შეხვედრაში „გლადბახის” გამარჯვებას არავინ ელოდა, რადგან გერმანულ გუნდს ყველა შეჯიბრებაში ერთად, ბოლო 10 მატჩში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მოგებული. ასეთ ცუდ შედეგებს კი ქილერის საკონტროლო გასროლასავით დაუსვა წერტილი მწვრთნელის, მარკო როზეს განცხადებამ, მიმდინარე სეზონსაც ჩავამთავრებ და მომდევნო ჩემპიონატიდან სათავეში „დორტმუნდს” ჩავუდგებიო.

და კიდევ, „გლადბახს” სულ მცირე ორი უპასუხო გოლი უნდა გაეტანა გუნდისტვის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში სექტემბრის შემდეგ გოლი არ გაუშვია…