რასაკვირველია, „ბარსელონას” გაცილებით უკეთესი ფეხბურთიც ბევრჯერ უთამაშია, მაგრამ „უესკასთან” შეხვედრაში გუნდმა ლამაზი გოლები გაიტანა და 4:1 მოიგო, ეს კი შთამბეჭდავი ანგარიშია. აგრეთვე შთამბეჭდავია ლა ლიგის ცხრილი, სადაც კატალონიელები მეორე ადგილზე არიან და „ატლეტიკოს” მხოლოდ ოთხი ქულით ჩამორჩებიან — სრულიად შესაძლებელია, საბოლოოდ ჩემპიონები გახდნენ.

კატალონიელი ჟურნალისტი ივან სან ანტონიო წერს, რომ მე-13 წუთისთვის „ბარსა” ლაღად ვერ თამაშობდა, როდესაც ლეო მესიმ ბურთი მოირგო, დაამუშავა და მაღალ კუთხეში ლამაზი დარტყმით შეაგდო.

ამას, 35-ე წუთზე, მოჰყვა ანტუან გრიზმანის ცხრიანი — კიდევ ერთი ეფექტური გოლი.

შემდეგ, „ბლაუგრანამ” უკან დაიხია, რადგან რაფა მირის წაქცევისთვის მის კარში პენალტი დაინიშნა და დაზარალებულმა თავად გაიტანა თერთმეტი მეტრიდან.

მეორე ტაიმში კი ისევ „ბარსამ” შეაგდო — ოსკარ მინგუესამ თავით 3:1 გახადა.

კუმანმა ნაირნაირი შეცვლები განახორციელა, მირს კი მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბედმა ზურგმა აქცია.

შეხვედრას წერტილი ისევ მესიმ დაუსვა — 4:1.

მატჩის შემდეგ კომენტარი პედრის სთხოვეს. მან თქვა: „მესის მხარდამხარ თამაში დიდი სიამოვნებაა. ვარჯიშებზეც იგივე განცდა მაქვს. სულ ლეოსკენ ვიყურები, მას ვეძებ. როდესაც ბურთს მესის ვაწვდი, აუცილებლად ხდება რაღაც”.

სან ანტონიო კი წერს, რომ ის, რაც პედრიმ აღწერა კარგა ხანია „ბარსელონას” ტაქტიკად იქცა. ეს ტაქტიკა ამ ბოლო დროს თითქოს იცვლება, მაგრამ… ასეთ ვითარებაში ახლებურ თამაშზე გადასვლა ძალიან ძნელია, რადგან მესი იმდენად ძლიერია, რომ მთელს გუნდს უნებლიედ მხრებით ატარებს.