„რეალმა” შინ ძნელად მოუგო „ელჩეს”, 2:1, მაგრამ ამ გამარჯვების წყალობით ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა. იმავე საღამოს, ლიდერმა, „ატლეტიკომ”, ხეტაფეში 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა და ახლა მადრიდის ორ გუნდს შორის სხვაობა 6 ქულაა. ორივეს 27 შეხვედრა აქვს ნათამაშები.

„რეალისა” და „ელჩეს” შეხვედრა საინტერესო გახლდათ იმითაც, რომ „თეთრებს” დაუბრუნდა კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელიც მთელი ორი თვე ტრავმებს მკურნალობდა. რამოსმა სამკაციან დაცვაში რაფაელ ვარანისა და ნაჩოს მხარდამხარ დაიკავა ადგილი.

გამოჯანმრთელებულმა კაპიტანმა მეორე ტაიმის ორ ეპიზოდში მიიქცია ყურადღება და ორივე მსაჯის სადავო გადაწყვეტილებასთან იყო დაკავშირებული. პირველ შემთხვევაში რამოსს პრეტენზია ჰქონდა, რომ ივან მარკონემ წააქცია და პენალტს ითხოვდა, მეორე ეპიზოდში კი მან თავად წააქცია გვიდო კარილიო, მაგრამ პენალტით დასჯას გადარჩა, რადგან თანამსაჯმა ოფსაიდი აღნიშნა.

ამას მოჰყვა გოლი „რეალის” კარში. დანი კალვომ ვარანი თავიდან მოიცილა და თავურით გახსნა ანგარიში.

გაშვებული გოლის შემდეგ ზინედინ ზიდანმა სათამაშო სქემა შეცვალა. მან ისკოს ნაცვლად მოედანზე ლუკა მოდრიჩი შეიყვანა, მოდრიჩმა კი შესვლიდან 9 წუთში ბენზემას საგოლე პასი ჩააწოდა — 1:1.

თამაშის ბოლოს, მსაჯის წამატებულ პირველსავე წუთზე, გამარჯვების გოლი კვლავ ფრანგმა თავდამსხმელმა გაიტანა.