კომპანია TNT Sports ბარსელონაში მცხოვრებ ბრაზილიელ ჟურნალისტზე მარსელო ბეკლერზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „პარი სენ ჟერმენი” ლეო მესის გადაბირებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია. პარიზელები უკვე ამზადებენ პროექტს, რომელიც არგენტინელ ვარსკვლავს უნდა შესთავაზონ.

ლაპარაკია ფინანსურ და სპორტულ წინადადებათა კომპლექტზე, რომელიც მესის პარიზელთა რწმენით უფრო მოეწონება, ვიდრე ის, რასაც „ბარსელონა” შესთავაზებს. მარტივად რომ ვთქვათ, მესის კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა, პსჟ კი ფიქრობს, რომ ამას თავად უფრო შეძლებს, ვიდრე „ბარსა”, რომელიც თაობათა მწავე ცვლას განიცდის.

იგივე შეიძლება ითქვას ფინანსურ მხარეზე. „პარი სენ ჟერმენი” დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელს გაცილებით მეტ ფულს შესთავაზებს, ვიდრე კორონაკრიზისით დასუსტებული „კატალონიის სიამაყე”.

TNT Sports ამბობს, რომ საგანგებო განწყობაა თავად „პარი სენ ჟერმენის” გასახდელში, სადაც, ჩემპიონთა ლიგაში „ბარსას” დამარცხების შემდეგ ფეხბურთელები თურმე ამბობდნენ, მორჩა, მესის მეტოქის რანგში აღარ შევხვდებითო.

ერთი სიტყვით, პსჟ-ში ყველას სწამს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მესი მათი კლუბის წევრი გახდება და ამ ამბავმა გუშინ საღამოს შემდეგ მთელი მსოფლიო მოიარა.