„ჩელსის” ახალმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ფეხბურთელებს სრული ნდობა გამოუცხადა — გერმანელმა მათ საშუალება მისცა დრო თავად აკონტროლონ. არადა, მისი წინამორბედის, ფრენკ ლემპარდის ხანაში ყველაფერი მკაცრად იყო განსაზღვრული და ჯარიმების მთელი სისტემაც არსებობდა.
საინტერესოა, რომ ტუხელმა მატჩების წინა ღამის სასტუმროში სავალდებულო გათენებაც კი გააუქმა. მან სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრების წინა ღამეც კი ფეხბურთელებს აჩუქა, რათა მათ ოჯახებში მეტი ხანი დაჰყონ.
„ჩელსიში” ყურადღება მიაქციეს, რომ გუნდის ახალმა თავკაცმა სამსახურში მისვლიდან სულ რამდენიმე დღეში დაიმახსოვრა იმ ფეხბურთელებისა და თანამშრომლების სახელები (ჯამში 60-70 კაცი), რომლებსაც ეგრეთწოდებული „ბაბლის” ანუ კოვიდ-საპნის ბუშტის შიგნით ყოველდღე ხვდება. ტუხელის აზრით, სახელით მიმართვა გუნდში მეგობრულ გარემოს ქმნის.
ამას დაემატა ნებისმიერ საკითხზე პირდაპირი ლაპარაკი და, რასაკვირველია, ტაქტიკური ცვლილებები, რამაც „ლურჯები” ძველებურად მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდად აქცია.
მწვრთნელი, რომელსაც მეტსახელად პროფესორს უწოდებენ და ადრე, ყველგან, კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტებით იყო ცნობილი, „სტემფორდ ბრიჯზე” ადამიანური მიდგომების დიდოსტატად წარმოჩნდა და წინა წლებთან შედარებით გაცილებით მშვიდი ჩანს.
ტუხელი: „ქცევა, რასაკვირველია, შემეცვალა. ათი წლის წინანდელთან შედარებაც არ არის. მაშინ, მატჩები მთლიანად მყლაპავდა. ერთიანად ვოფლიანობდი. დროგამოშვებით მეოთხე მსაჯს ვესხმოდი თავს. მსაჯს კი არა, სათადარიგოთა სკამზეც ვუტევდი ჩემიანებს. არავინ იყო დაცული ჩემი აგრესიისგან.
ზოგადად კი ემოციური ადამიანი ვარ. ხანდახან ისტერიულად ვიქცევი, ხანდახან კი მშვიდად ვზივარ და ასისტენტთან ერთად რაღაც საკითხს ვარჩევ”.
ლემპარდს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჯარიმების სისტემა ჰქონდა დაწესებული და მიუხედავად იმისა, რომ პრემიერლიგის ფეხბურთელებს ფული არ აკლიათ, ვარჯიშზე დაგვიანებისთვის 20 000 გირვანქის დაქვითვით ყველა გააოცა.
ტუხელი: „არ ვიცოდი „ჩელსიში” დაქვითვების სისტემა თუ არსებობდა. პირადად მე მჯერა, რომ ხალხი ყველგან დანიშნულ დროს მოვა, რადგან ფეხბურთის გუნდი ოჯახივით არის. მე უფრო ნდობას ვაფასებ, ვიდრე კონტროლს და ჯარიმებს. ისე არ გამიგოთ, რომ ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გასახდელში უნდა იყოს რაღაცები, რასაც გამოცდილი ფეხბურთელები თავად მიხედავენ. რაც მე „ჩელსიში” მოვედი, თათბირზე ან ვარჯიშზე არავის დაუგვიანია. ნუ, თუ ვინმე 9.59-ის ნაცვლად 10.01-ზე მოვა, პოლიციელი კი არ ვარ, ამის გამო დავსაჯო. ფანჯარაში ვერ გადავეყუდები და მოთამაშეების წასვლა-მოსვლას ვერ გავაკონტროლებ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს თავიანთი პირადი მაგალითით ჩემი წამყვანი ფეხბურთელები მოაგვარებენ. თუ ფეხბურთელები თავად შემოიღებენ რაიმე სალაროს, სადაც დაგვიანებულები ფულს ჩაყრიან, მაშინ კარგი ვახშმისთვის ან სადმე ერთად წასასვლელად თანხა დაუგროვდებათ”.
ტუხელის ხელში შეიცვალა სტუმრად ჩასვლის განრიგიც. ასე მაგალითად, 4 მარტს დასავლეთლონდონელები ლივერპულში მატჩის დღეს ჩავიდნენ, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო.
კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე კი მხოლოდ ინგლისური ისმის, მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიში” მწვრთნელებიან-ფეხბურთელებიანად ბევრი გერმანელია.