„ბარსელონა” ლეო მესისთან მოლაპარაკებისთვის ემზადება, „მანჩესტერ სიტი” კი ჩასაფრებულია, რათა არგენტინელი სუპერვარსკვლავი გაიტაცოს. მოგეხსენებათ, კვირას, „ბარსას” პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, გაიმარჯვა ჟოან ლაპორტამ, რომელმაც გულშემატკივარს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის „კამპ ნოუზე” დატოვება აღუთქვა.
მაგრამ, არის კი ლაპორტას პრეზიდენტობა იმის გარანტია, რომ მესი „ბარსელონაში” დარჩება?
მდგომარეობა ასეთია: 33 წლის ფეხბურთელთან სალაპარაკოდ ჯერ თავად ლაპორტა არ არის მზად. მას შემუშავებული არ აქვს პაკეტი, რომელიც მესის უნდა შესთავაზოს, ვინაიდან, სანამ არგენტინელთან მოსალაპარაკებლად დაჯდება ჯერ კლუბში უნდა დაალაგოს ფინანსური მდგომარეობა. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალ პრეზიდენტს უპირველეს ყოვლისა ვალების რესტრუქტურიზაცია აქვს ჩასატარებელი, ვალები კი თურმე, დაახლოებით მილიარდ ევროს უტოლდება.
პრესა წერს, რომ მესისთან და მის გუნდთან, პირველ რიგში კი მამასთან, ხორხე მესისთან მოსალაპარაკებლად ლაპორტა სავარაუდოდ აპრილში იქნება მზად. მაგრამ, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც: მესის მხოლოდ ფული არ უნდა. მისთვის მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა „ბარსელონა” ძველებურად დიდი ტიტულების მოგებას. ჯერჯერობით გუნდი ამას ვერ ახერხებს. აი, ახლაც, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენთან” წააგო.
მესის ბანაკში „ბარსელონას” ფინანსური პრობლემების შესახებ ძალიან კარგად იციან და მოლაპარაკებათა მაგიდასთან ლაპორტას სამომავლო პროექტის დეტალებსაც კი მოსთხოვენ. აუცილებლად იკითხავენ, რას აპირებს ის სატრანსფერო ბაზარზე. პრეზიდენტს მოუწევს დაამტკიცოს, რომ მას სპორტული თვალსაზრისით უკეთესი გეგმა აქვს ვიდრე იმავე „სიტის” და „პარი სენ ჟერმენს”, რომელსაც ასევე აქვს არგენტინელზე თვალი დადგმული.
„სიტის” დამოკიდებულება ფრთხილია: მანჩესტერული კლუბი ისეთს არაფერს გააკეთებს, „ბარსელონასთან” წლობით დალაგებული კარგი ურთიერთობა რომ გაიფუჭოს. სხვა სიტყვებით, ის გარედან ზემოქმედებას და „კამპ ნოუს” ოფისებში ურთიერთობის არევას არ შეეცდება, მაგრამ საკმარისია მესის ბანაკიდან მიანიშნონ, რომ მათთვის გზა ხსნილია, „ქალაქელები” უცბად და მტკიცედ ამოქმედდებიან.
ერთი სიტყვით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ლაპორტა კლუბის ვალებთან გამკლავებას. იშოვის თუ არა მესისთვის გადასახდელ და ახალი ვარსკვლავების საყიდელ ფულს. თუ ვერა, მაშინ გამოდის, რომ მესის „ბარსელონაში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი კვლავ ღიაა.