მაურისიო პოჩეტინოს „პარი სენ ჟერმენმა” „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გააგდო, თუმცა, უფრო სწორი იქნება აქცენტს მეორენაირად თუ დავსვამთ: მაურისიო პოჩეტინიოს „პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. როგორც ევროპული პრესა წერს, ამავე დღეს გაირკვა, რომ ლეო მესი უცხოპლანეტელი კი არა, დედამიწელია — მან, პირველი ტაიმის ბოლო, მსაჯის წამატებულ წუთებში პენალტი ვერ გაიტანა. არადა, ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 1:1 და 33 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს გოლი რომ შეეგდო, მას შესაძლოა შეხვედრაზე დიდი ფსიქოლოგიური გავლენა მოეხდინა. ვინ იცის სტუმართათვის ჰაერში ოთხი წლის წინანდელი, ლეგედარული „ქამბექის” სურნელიც დატრიალებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 2016-17 წლების სეზონის მერვედფინალში „ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენს” სტუმრად წაგებული 0:4 შემოუტრიალა — 6:1 მოუგო და თან, სამი გოლი ბოლო 7 წუთში გაუტანა.

წუხელ, „ბარსას” შინ წაგებული 1:4 ჰქონდა შემოსატრიალებელი.

აღსანიშნავია, რომ წუხელ რონალდ კუმანის ბიჭებმა ნამდვილად კარგად ითამაშეს, თუმცა ეტყობა სასწაულების ლიმიტიც არსებობს. აქვე, სახსენებელია ოსმან დემბელე, რომელმაც პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან, არადა შინაარსიდან გამომდინარე მატჩს სწორედ მკვლელი გოლები სჭირდებოდა. ერთ-ერთ ინგლისურ საიტზე ცხადია გადაჭარბებით ეწერა, დემბელეს რომ ჰქონდა, იმდენ საგოლე ეპიზოდზე ბევრი თავდამსხმელი მთელი სეზონის განმავლობაში ოცნებობსო.

29-ე წუთზე კი ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა კლემენტ ლენგლეს მიერ მაურო იკარდისთვის ფეხის გამოკვრის გამო პენალტი დანიშვნა, თან ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა. მომენტის ნახვა და საკუთარი აზრის შექმნა ქვემოთ, ვიდეოჩანაწერში შეგიძლიათ.

თერთმეტი მეტრიდან კილიან მბაპემ შეაგდო.

მბაპეს გოლიდან 6 წუთში მესიმ საუცხოო დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ვიდეოზე ამ მომენტის ნახვაც შეგიძლიათ, ისევე როგორც შემდეგი საკვანძო ეპიზოდის, როდესაც არგენტინელმა პენალტი გააფუჭა.

ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ პარიზელთა მეკარე „რეალის” ყოფილი გოლკიპერი კეილორ ნავასია, რომელმაც მესის დარტყმულ თერთმეტმეტრიანს სწორად აუღო ალღო, ბურთს გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც ის მაღლა ახტა და ხარიხამ აისხლიტა. ჩვენი აზრით, საეჭვოა პენალტის ეპიზოდს ემოციურად რაიმე საერთო ჰქონოდა იმ ფაქტთან, რომ ნავასი ორწელიწადნახევრის წინ მადრიდში თამაშობდა, მაგრამ თუკი ამის გახსენება ზოგადად საფეხბურთო ჟინსა და აზარტს რაიმეს შეჰმატებს, გავიხსენოთ, რატომაც არა.

ბოლოს კი რაც შეეხება სტატისტიკას: ამ შეხვედრაში მბაპემ მესის რეოკორდი მოხსნა — გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში 25 გოლი შეაგდო.

ხოლო „ბარსელონა”, ჩემპიონთა ლიგიდან ასე ადრე ბოლოს 14 წლის წინ გამოვარდა. მაშინ მას სტუმრად გატანილი გოლის წესით (2:2) „ლივერპულმა” აჯობა.