ეს ის შემთხვევაა, როცა ტურნირის რანგს და საპრიზო ფონდს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რატომაც არა, როცა შვეიცარიელი გენიოსის – როჯერ ფედერერის კორტზე დაბრუნებას სპორტული სამყარო შარშანდელი იანვრიდან ელოდა.
მერე?
მერე, დოჰას ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეყარა და სახლში წასასვლელი ბილეთიც აიღო. ნიკამ სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოიგო.
მთელი თამაში ფედერერის დონეზე აწვდიდა მეორე ცდიდან და პირველი მოწოდებით კი აჯობა ლეგენდას. ნიკამ სულ ოთხჯერ დააბრეიკა როჯერის შვიდის წინააღმდეგ, თუმცა სულ საჭირო მომენტებში და ნახევარფინალში ისე წელგამართულმა შეაბიჯა, ამერიკელი ტეილორ ფრიცისაც არ გვეშინია.
მატჩის მნიშვნელობაზე კი რა გითხრათ? 400-დღიანი უქმობის შემდეგ როჯერის გამოჩენას ისე ელოდნენ, პარალელურად სანტიაგოში მიმდინარე ტურნირზე სპორტსმენებს დიდი მონიტორი დაუმონტაჟეს, რომ დოჰადან რეპორტაჟებისთვის ეყურებინათ.
როჯერი 10 წლით უფროსია ნიკაზე და კორტზე მასზე ძალიან ბევრი მილიონი დოლარით მეტიც უშოვია, მაგრამ დღეს ქართველის დღე იყო!
„დღეს ოცნება ამიხდა. ის ჩემი კერპი იყო. არაჩვეულებრივი, დაუჯერებელი მოთამაშეა და ძალიან გახარებული ვარ მისი დამარცხებით. არა მხოლოდ მე, არამედ ბევრი სხვა მოთამაშეც როჯერ ფედერერის ყურებაში გავიზარდეთ. ბედნიერი საღამოა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება”, – თქვა ნამატჩევს ნიკა ბასილაშვილმა.





