„უვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდა. ის გააგდო „პორტუმ”, რომელიც შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო 35 წუთისა და დამატებითი დროის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდა თერთმეტის წინააღმდეგ. აქა-იქ უკვე დაიწერა, რომ „იუვეს” ლიდერის, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ამ კლუბში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის — რონალდუ „იუვეში” 2018 წლიდან თამაშობს, მაგრამ ამბიციურ ტურინელებს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინა და მეტისმეტად დიდ გასამრჯელოსაც იღებს, რაც პანდემიის პირობებში კლუბს ეკონომიკურ მდგომარეობას უმძიმებს.

სტუმრების გმირი კი იყო სერჟიო ოლივეირა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა. მისი მეორე გოლი „ბებერი ქალბატონის” კარში 115-ე წუთზე შევარდა და ორი მატჩის ჯამში, პორტუგალიელების მეოთხედფინალში გასვლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მასპინძლებმა შეხვედრა ცუდად, უფრო სწორედ კი უიღბლოდ დაიწყეს — მე-19 წუთზე, მათმა თურქმა მცველმა მერიჰ დემირალმა საჯარიმოში წესი დაარღვია და უკვე ნაქებმა ოლივეირამ პენალტის ნიშნულიდან გახსნა ანგარიში.

ასე, მოულოდნელად შეიქმნა ვითარება, როდესაც პირველ შეხვედრაში 1:2 დამარცხებულ „იუვენტუსს” დუელის დამატებით დროში გადასაყვანად უკვე ორი გოლის გატანა დასჭირდა.

მეორე ტაიმის მე-4 წუთზე ფედერიკო კიეზამ მასპინძლებს შანსი მისცა. ფორვარდს დახვეწილი ასისტენტობა გაუწია კრიშტიანუ რონალდუმ. და აქ, „იუვე” საკუთარი შესაძლებლობების რწმენით აივსო. იტალიური გუნდისთვის განსაკუთრებით კარგი ნიშანი იყო „პორტუს” ირანელი თავდამსხმელის, მეჰდი ტარემის გაძევება — მეორე ყვითელი მან ბურთის გადაგდების გამო მიიღო. კიეზაც იშტაზე მოვიდა: ტარემის გაძევებიდან რამდენიმე წუთში მან ჯერ ძელს გაარტყა ბურთი, 63-ე წუთზე კი გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ოფსაიდის ეჭვით ეს ეპიზოდი VAR-მა დიდხანს ატრიალა წინ და უკან, მაგრამ საბოლოოდ, „ბებერი ქალბატონის” გასახარად, გოლი ჩათვალა.

მაგრამ, VAR-მა „იუვეს” არ ჩაუთვალა სხვა გოლი 90+1 წუთზე. ხოლო, 90+3 წუთზე კუადრადომ ბურთი ხარიხას გაარტყა — ეს იყო მომენტი, როდესაც „იუვენტუსს” შეხვედრისთვის წერტილის, უფრო სწორედ კი ძახილის ნიშნის დასმა შეეძლო და ვერ შეძლო.

დამატებით დროში კი თავიდან ორივე გუნდმა უშედეგოდ უჩხვლიტა ერთმანეთს, შემდეგ კი ოლივეირამ სტუმრების მორიგი გოლი გაიტანა. ეს იყო მარჯვედ შესრულებული საჯარიმო დარტყმა რასაც, მართალია, საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე ადრიენ რაბიოს თავური პასუხი მოჰყვა, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგად შეხვედრა 3:2 დასრულდა და… ორი მატჩის ჯამში (4:4), მეოთხედფინალში „პორტუ” გავიდა.

„იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 1996 წელს აქვს მოგებული.„პორტუს” — 2004 წელს.