რამდენიმე დღეა, რაც ლოთარ მათეუსის გვარ-სახელს გერმანიაში გაუჩერებლად აბრუნებენ. მიზეზი: მეჰმეთ შოლმა „ბილდთან” ლაპარაკში თქვა, რომ კარგი იქნება თუკი ის იოაჰიმ ლიოვის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

„მის მხარესაა ცოდნა, სიმშვიდე და გამოცდილება, — თქვა შოლმა, — მას შეუძლია ეს ყველაფერი ფეხბურთელებს გადასცეს”.

59 წლის ლოთარ მაათეუსი გახლავთ ვეტერანი, რომელმაც გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში სარეკორდო რაოდენობის 150 შეხვედრა ჩაატარა. ის არის 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 1980 წლის ევროპის ჩემპიონი, 1990 წლის „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთის” მფლობელი, ფიფას ვერსიით 1991 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, „ინტერის” შემადგენლობაში უეფას თასის 1991 წლის მფლობელი, „ბაიერნის” მაისურით გერმანიის შვიდგზის ჩემპიონი და სხვა მრავალი ჯილდოს პატრონი.

ლოთარ მათეუსს როგორც ფეხბურთელსა და მწვრთნელს კარიერაში ქიციც უნახავს და ქიცმაცურიც, მაგრამ, „სქაიში” გამოქვეყნებულ ბლოგში მან თავისი ბიოგრაფიიდან ერთ უცნაური ისტორია გაიხსენა:

„თავს დღემდე ვადანაშაულებ იმაში, რომ მაშინ, ბრაზილიაში, ბიჭებს ვუღალატე. ეს არის ერთადერთი, რისი გულისთვისაც დროს უკან გადავახვევდი და წარსულს შევცვლიდი. არავითარ შემთხვევაში არ გავიმეორებდი იმას, რაც მოხდა — „ატლეტიკო პარანაენსეს”  ორ თვეში არ დავტოვებდი”.

ბევრს შეიძლება არ ახსოვს, მაგრამ ლოთარ მათეუსი 2006 წელს ბრაზილიას გაემგზავრა და მწვრთნელის რანგში „ატლეტიკო პარანაენსეში” დაიწყო მუშაობა. სწორედ მაშინ გადახდა გერმანელს ეს უჩვეულო ისტორია. ბრაზილიაში ჩასვლიდან ორ თვეში მან კლუბის ხელმძღვანელობას გამოუცხადა, რომ აუცილებელი ოჯახური საქმეები გამო ევროპაში უნდა დაბრუნებულიყო. პირობაც დაუდო, სამ-ოთხ დღეში დავბრუნდებიო, მაგრამ ორი კვირა რომ გავიდა, კურიტიბაში მისგან გადადგომის ფაქსი მიიღეს.

მეტიც, მათეუსი კიდევ უფრო უცნაურად მოიქცა როდესაც, ცოტა ხანში, პირადი ნივთების წასაღებად ბრაზილიაში ჩავიდა. ამის შემდეგ, გაცეცხლებულმა კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გერმანელმა ტელეფონზე 5 915 დოლარის ნალაპარაკევი დატოვა და კატეგორიულად მოითხოვა ამ თანხის დაფარვა.

„მაშინ, „ატლეტიკოს” ფეხბურთელებს ვჭირდებოდი, თვალებში შემომყურებდნენ, მე კი ორ თვეში წავედი, — დაწერა მათეუსმა, — მიზეზი მართლა პიროვნული იყო, მაგრამ იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, დანაშაულის გრძნობა არ მშორდება”.

შემდეგ, მათეუსმა ჯოვანი ტრაპატონის ასისტენტად ზალცბურგის „რედ ბულში” იმუშავა, იყო ნეთანიას „მაკაბიში” და ბოლოს, ერთი წელიწადი ბულგარეთის ნაკრებსაც ედგა სათავეში.

2011 წლის შემდეგ ლოთარ მათეუსი სატელევიზიო ექსპერტია. მეჰმეთ შოლის წინადადებასთან დაკავშირებით კი მან „ბილდს” ასე უთხრა: „მეჰმეთს საუცხოო ალღო აქვს, ის საქმის ჩინებული მცოდნეა. ასეთი სპეციალისტის მოსაზრებას ეჭვქვეშ წამითაც არ დავაყენებდი”.

თუმცა, „სკაიში” გამოსვლისას გერმანიის ნაკრების მწვრთნელობისგან თავი შორს დაიჭირა: „ამაზე არც კი ვფიქრობ. სრულიად სხვა გეგმები მაქვს. რასაკვირველია, ფეხბურთში მუშაობა მაინტერესებს და გერმანიის ნაკრებიც მხიბლავს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრებით ბედნიერი ვარ. ასე რომ, ნაკრებში მისვლას გამოვრიცხავ”.