ერლინგ ბროტ ჰოლანდს ვინ არ იცნობს – „დორტმუნდის“ მაისურით 45 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა და მის ხელში ჩაგდებაზე მსოფლიოს ყველა სუპერკლუბი ოცნებობს.
ამასობაში კი ნორვეგიაში „ჰოლანდ II“ გამოჩნდა. ეს ყმაწვილი მხოლოდ 17 წლისაა, ერლინგის ბიძაშვილია და ტყუპისცალივით ჰგავს მას.
ალბერტ ბროტ ტიულანდი ბიძაშვილივით ფორვარდია, თამაში მანაც „ბრიუნეს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და 37 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა. მართალია, ძირითად გუნდში 16 წლისა გადავიდა (ერლინგი 15-ს იყო), მაგრამ მეორე ლიგაში დიდხანს არ დაყოვნებულა და „მიოლდეს“ მიაშურა. უმაღლესი ლიგის 9 შეხვედრაში გატანილი 7 გოლით მან უკვე აალაპარაკა ექსპერტები.
ალბერტ ტიულანდის ორიენტირი ერლინგ ჰოლანდია და არც მალავს: „გავუტოლდე ერლინგს? რასაც ის ახერხებს, აღმაფრთოვანებს და სტიმულს მაძლევს. ახლო პერსპექტივაში ასაკობრივ ნაკრებსა და „მიოლდეს“ ძირითადში ფეხის მოკიდება მინდა. ვესაუბრე ერლინგს და მითხრა, რომ ეს კლუბი პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის იდეალური ვარიანტია”.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდსაც ჰყავს თავისი ორიენტირი – მამამისი ალფ-ინგე ჰოლანდი, რომელიც თავის დროზე „ლიდსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების მაისურით თამაშობდა.