დორტმუნდელი ერლინგ ჰოლანდის ადრეულმა დუბლმა (მე-2 და მე-9 წუთები) დრამატული „დერ კლასიკერ” უზრუნველყო, მაგრამ, შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა — კვლავ ნათელი გახდა, რომელი გუნდია გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი. „ბაიერნის” ბომბარდირის მეორე და მესამე გოლებს შორის კი თავისი სიტყვა ლეონ გორეცკამაც თქვა — 4:2.

ჰოლანდმა მერამდენედ დაამტკიცა, რომ თუ ზაფხულში ცდუნებას გაუძლებს და „მანჩესტერ იუნაიტედში”, „ჩელსიში” ან სხვა მდიდარ კლუბში არ გადავა, მომავალში პოლონელს ბუნდესლიგის მთავარ თავდამსხმელობასა და რეკორდებს შეეცილება. „ბაიერნთან” შეხვედრაში ნორვეგიელს გვერდით არ ჰყავდა შეჩვეული მეწყვილე ჯეიდონ სანჩო.

სტატისტიკა ჯიუტია: ჰოლანდი „დორტმუნდში” 2020 წლის იანვარში გადავიდა და საქმეში ყოველგვარი მორიდების გარეშე ჩაერთო — ბუნდესლიგაში პირველი 25 გოლი 25 შეხვედრაში გაიტანა, რაც ადრე არავის გაუკეთებია. ახლა, თებერვალში კი ის გახდა პირველი მეგოლე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში, კარიერის პირველ 13 მატჩში ჩვიდმეტჯერ შეაგდო.

მაგრამ, ლევანდოვსკი ლევანდოვსკია — 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი მოხსნა — სეზონის პირველ ნახევარში 20 გოლზე მეტი გაიტანა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჰოლანდმა 9 წუთში ანგარიში 2:0 გახადა „დორტმუნდის” სასარგებლოდ, მაგრამ ამის შემდეგ სტუმრებს ხელი მოეცარათ, შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს და დადგა ლევანდოვსკის ჯერი, რომელმაც 26-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, 44-ზე კი ანგარიში პენალტით გაქვითა. ამ პენალტის დანიშვნას VAR დასჭირდა, რომელმაც დაადგინა, რომ მაჰმუდ დაუდმა კინგსლი კომანს ფეხი გამოსდო.

მეორე ტაიმი „ბაიერნმა” მოიგო, მაგრამ იოლად არაფერი მისცემია — გამარჯვების გოლები ბოლო სამ წუთში გაიტანა.