„მანჩესტერ იუნაიტედში” დავიდ დე ხეას პოზიცია როგორც ჩანს სერიოზულად შეირყა — ოლე გუნარ სულშერმა ის შინ, ესპანეთში გაუშვა, დაისვენე და მერე დაგვიბრუნდიო. ახლა, გამოდის, რომ დე ხეას შემცვლელი დინ ჰენდერსონი გუნდის კარს მიჯრით ექვს შეხვედრაში დაიცავს.
ესპანელი მეკარის შინ დაბრუნებას პირადი მიზეზიც აქვს: მისმა პოპ-ვარსკვლავმა მეგობარმა ქალმა ედურნე გარსიამ წყვილის პირველი შვილი უნდა გააჩინოს.
სულშერმა გადაწყვიტა ამით ისარგებლოს და გოლკიპერი მოახლოებული სანაკრებო ინტერვალის დასრულებამდე გაათავისუფლოს, თუმცა თავად დე ხეას, ალბათ, მაინც ინგლისში დარჩენა და თამაში ერჩივნა — ნაკრებში ადგილის მყარად მოპოვებისთვისაც ასე სჯობს.
დე ხეა 30 წლისაა, ჰენდერსონი ოცდასამის. ჰენდერსონი არ მალავს, რომ სურს პირველი მეკარე გახდეს, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედში”, ასევე ინგლისის ნაკრებში. მან ორი წელიწადი იჯარით „შეფილდ იუნაიტედში” გაატარა.
ახლა ოთხშაბათს, „კრისტალ პალასთან”, „იუნაიტედის” კარს ჰენდერსონი იცავდა. დე ხეას დიდი ხნით დასასვენებლად გაშვება კი იმას ნიშნავს, რომ ის ითამაშებს „მანჩესტერ სიტისთან”, „ვესტ ჰემთან”, ევროლიგის ორ შეხვედრაში „მილანთან” და ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „ლესტერთან”.
თუ ამ შეხვედრებში ჰენდერსონი თავს გამოიჩენს, ესპანეთიდან დაბრუნებულ დე ხეას მანჩესტერელთა ძირითადში ჩაჯდომა გაუჭირდება. არადა, სულშერი 2018 წლიდან ანუ მას მერე, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელია, რეგულარური უხეში შეცდომების მიუხედავად ესპანეთს ყოველთვის ენდობოდა.
ამასობაში კი სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ჰენდერსონისთვის „კრისტალ პალასთან” შეხვედრა იყო ცამეტიდან მერვე, რომელშიც მან გოლი არ გაუშვა. ეს კარგი შედეგია.
დე ხეას კონტრაქტის თანახმად „მანჩესტერ იუნაიტედთან” ორი წელი დარჩა. მისი ხელფასი კვირაში 375 000 გირვანქას უდრის.