„მანჩესტერ იუნაიტედის” ბოსი ოლე გუნარ სულშერი ალბათ კმაყოფილი დარჩა, რომ მისმა გუნდმა პრემიერლიგაში, სტუმრად უკვე 21-ე შეხვედრა არ წააგო, მაგრამ… იმავდროულად ძალიან უკმაყოფილოც იქნებოდა, რომ გაყინულ „სელჰარსტ პარკზე” ბიჭებმა მოსაწყენი ფეხბურთი აჩვენეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.

თუ გახსოვთ, წინა ტურში „იუნაიტედმა” „ჩელსისთან” ითამაშა 0:0 და ატყდა ერთი ამბავი, რომ გუნდს, რომელსაც ჩემპიონობაზე აქვს პრეტენზია, ტოპ-ექვსეულის წარმომადგენელთა კარში გოლი ვერ გააქვს. მაგრამ, ექვსეული კი არა, ინებეთ, მე-13 ადგილზე მყოფი სრულიად უინტერესო „კრისტალ პალასი”… „მანჩესტერ იუნაიტედმა” ვერც მას გაუტანა გოლი.

თამაშის მსვლელობისას იყო მონაკვეთები, როდესაც მანჩესტერელები უაზროდ დიდხანს აგორებდნენ ბურთს და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი ქულების მოსაპოვებლად კი არ იყვნენ მოედანზე გასულები, არამედ ვარჯიშობდნენ და ინტენსიობა საერთოდ არ მოეთხოვებინათ.

როგორც ინგლისურმა პრესამ დაწერა, „იუნაიტედის” უკბილობა ნისლმაც კი ვერ დამალა. სულშერის გუნდი დაახლოებით 72 საათში უკვე მეორედ ჩავიდა ინგლისის დედაქალაქში და ორივეჯერ არასაბრძოლო ვაზნებით იყო შეიარაღებული.

საკუთარი უღონობა ცხადია ფეხბურთელებმაც განიცადეს, რის დასტურადაც იყო ეპიზოდი, როდესაც ერთი რიგითი ოფსაიდის გამო, ჰარი მაგუაირმა და მარკუს რეშფორდმა ერთმანეთს უღრინეს.

ძნელი არ იყო გაგება:

— რა გინდოდა რომ მექნა? — დაიყვირა რეშფორდმა.

— იმ დედა…ულ თამაშგარეში არ უნდა დარჩენილიყავი.

ამის შემდეგ, რეშფორდმა კაპიტანს „მოკეტე” ან „ენა ჩაიგდე”, მოკლედ shut the f*** up მიაძახა.

არადა, კვირას არც მეტი არც ნაკლები მანჩესტერული დერბია!