გუშინ გაცნობეთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა, უეფას 2020 წლიდან 2021 წელს გადადებული ევროპის ჩემპიონატის მთლიანად მის ქვეყანაში ჩატარება შესთავაზა და როგორც შევიტყვეთ ნიონში ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ. გაირკვა, რომ ევროფეხბურთის ბოსები საბოლოო სიტყვას 7 აპრილს იტყვიან.
თავდაპირველი გეგმის თანახმად, ინგლისში, ლონდონში, „უემბლიზე”, მხოლოდ 7 მატჩი უნდა გამართულიყო. ლაპარაკი იყო D ჯგუფის სამ შეხვედრაზე, რომლებშიც ინგლისის ნაკრები ითამაშებს, ერთ მერვედფინალზე, ნახევარფინალებსა და ფინალზე.
ისიც გეხსომებათ, რომ პირველადი გეგმით ევროპის ჩემპიონატს სულ 12 მასპინძელი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ, ვინაიდან მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს, ამ ქალაქებმა 7 აპრილამდე უნდა თქვან, აქვთ თუ არა მონაწილე გუნდების და სტუმრების მიღების შნო. ვაზუსტებთ: უეფა სტადიონებზე ფანების შეშვებასაც ითხოვს.
სწორედ აქ იკვეთება დიდი ბრიტანეთის უპირატესობა. მისმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ მაღალი ტემპით ატარებს ვაქცინაციას და 21 ივნისს პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ბოლო მოეღება. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალს, „უემბლიზე”, შეიძლება 90 000 მაყურებელი დაესწროს.
ახლა, ჩამოვთვალოთ ის ქალაქები, რომლებშიც პირველადი გეგმის თანახმად ევრო 2020-ის თუ უკვე 21-ის მატჩები უნდა გამართულიყო. ლონდონის გარდა, ესენია გლაზგო, დუბლინი, ამსტერდამი, ბილბაო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, მიუნხენი, რომი, სანკტ პეტერბურგი და ბაქო.
ერჯერობით მხოლოდ 9 მათგანმა შეუთვალა უეფას, რომ ჯერ კიდევ აპირებს დავალებული მატჩების მასპინძლობას, რადგან მათთან კოვიდ რეგულაციები მსუბუქდება.
ამ 9 ქალაქიდან ნაწილი ალბათ უკეთესის მოლოდინში დროის მოგებას ცდილობს და თუ არ იტყუება, მთლად სიმართლესაც არ ამბობს. ირლანდიელები კი, მაგალითად, არ მალავენ, რომ დუბლინს მასპინძლობა გაუჭირდება. იქაური ფეხბურთის ასოციაციის თავკაცი ჯონათან ჰილი ასე ბრძანებს:
„ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ „ავივაზე” მაყურებელს ისე შევუშვებთ, რომ საფრთხე არავის დაემუქრება, მაგრამ აქ მეორე საკითხი დგას: რამდენი გულშემატკივრის შეშვებას მოვახერხებთ? ამ საკითხზე უეფას ველაპარაკეთ და ვიცით, რომ მათ ჰყავთ რეალური ხალხი, რომელიც ბილეთის ყიდვას და დუბლინში ჩამოსვლას აპირებს. თუმცა, ისიც ვიცი, რომ სულ მალე შესაძლოა უეფამ ყველაფერი შეცვალოს და მთელი შეჯიბრების რესტრუქტურიზაცია ჩაატაროს”.
ირლანდიელების გარდა, მათ ქვეყანაში ბურთაობის მიზანშეწონილობაში ეჭვი შეაქვთ იტალიის, ესპანეთის და გერმანიის მთავრობებს. ამ ქვეყნებს თავიანთი ვაქცინაციის ტემპი არ მოსწონთ და არ არიან დარწმუნებულები, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მაყურებელს სტადიონის კარებს გაუღებენ.
მაშინ ეს ვთქვათ, ინგლისის რომელი სტადიონები ჩაანაცვლებენ სარბიელებს იმ შემთხვევაში თუ უეფა გადაწყვეტს, რომ ევრო 2021 მთლიანად ფეხბურთის სამშობლოში ჩაატაროს? დედაქალაქს გარეთ ესენი შეიძლება იყოს მანჩესტერის ორივე სტადიონი — „ოლდ ტრეფორდი” და „ეტიჰედი”, ლივერპულის „ენფილდ როუდი”, ბირმინგემის „ვილა პარკი”, „სენტ ჯეიმსიზ პარკი” ნიუკასლში და სანდერლენდის სინათლის სტადიონი.
ლონდონში კი „უემბლის” გარდა „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „ემირეიტი” და „ლონდონის სტადიონი” რომელზეც ამჟამად „ვესტ ჰემი” თამაშობს.