ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ცუდ თამაშს აჩვენებს თბილისის „დინამო“. არადა, პირველი რაუნდის შემდეგ გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა.
„დინამომ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, მაგრამ აქ უფრო სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. გუნდს შეტევაში თითქმის არაფერი გამოდის, მაშინაც კი, როდესაც წყალში ორი კაცით მეტნი არიან. ეს კი წყალბურთში უდიდესი უპირატესობაა და მის გამოუყენებლობას არავინ გაპატიებს. მეტოქე კი არა, „დინამოს“ წყალბურთელებს საკუთარმა მწვრთნელმაც არაფერი აპატია და შესვენების დროს ისეთი გაცეცხლებული იყო, მის ყვირილს ბუდაპეშტის შემოგარენში გაიგონებდნენ.
„ჰანოვერთან“ მარცხის შემდეგ არც არავინ ელოდა უნგრულ „ფერენცვაროშთან“ წარმატებას, მაგრამ პირველივე მეოთხედის შემდეგ უკვე 0:5 იყო.
დარჩენილ დროში უნგრელებს გამარჯვება რომ არ გაუჭირდებოდათ, ნათლად ჩანდა – 4:11.