გუშინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ” 0:0 ითამაშეს. ეს იყო მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა მეორე 0:0 დასავლეთლონდონელებთან. და ეს იყო პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის” მეტოქეებთან მათი ზედიზედ მეოთხე 0:0.
მეტსაც გეტყვით, „დიდი ექვსეულისთვის” მანკუნიანელებს ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. ხოლო, ის ერთადერთი, რომელიც „იუნაიტედმა” ამ ზეპური ჯგუფის წევრებს გაუტანა, გულშემატკივარმა ოქტომბერში ნახა, „ტოტენჰემთან”, მაგრამ ვაი იმ გატანას — „დეზებმა” ოლე გუნარ სულშერის გუნდს შინ სირცხვილი აჭამა, 6:1 მოუგო.
ბოლო თვეებში „მანჩესტერ იუნაიტედს” ორჯერ შეხვდა „ჩელსი”, ორჯერ „არსენალი”, ეთამაშნენ „მანჩესტერ სიტი” და „ლივერპულიც” და ამ 540 წუთის განმავლობაში მეტოქეთა კარებთან სულ კანტიკუნტი სახიფათო მომენტი შეიქმნა.
„ჩელსისთან” წუხანდელ შეხვედრას ინგლისურ პრესაში „ექვსეულის გუნდებთან მოსაწყენი თამაშების რიგში ბოლო” უწოდეს. სტატისტიკა ჯიუტია: „იუნაიტედმა” მთელი თამაშის განმავლობაში ოთხჯერ დაარტყა კარში. შეგახსენებთ: ორჯერ მარკუს რეშფორდმა სცადა „ლურჯების” მეკარის ედუარ მენდის შემოწმება, რაც მეტ-ნაკლებად სახიფათოდ გამოუვიდა; სკოტ მაკტომინეის დარტმული მენდისთვის ადვილი გასაჩერებელი იყო, ხოლო ფრედმა უბრალოდ მოვალეობა მოიხადა და მეტი არაფერი.
რაც შეეხება გუნდის ვარსკვლავ ბრუნო ფერნანდეშს, მან ერთ საღამოში ოცჯერ (20)! დაკარგა ბურთი. თუმცა, „იუნაიტედის” ფანები პორტუგალიელს საყვედურს ვერ ეტყვიან, რადგან სუსტ გუნდებთან დაგროვილი 50 ქულიდან დიდი წილი მისი გარჯის შედეგია.
მოკლედ, „ჩელსისთან” თამაში შეფასდა, როგორც არ-წაგების მცდელობა და არა მეორე ადგილზე მყოფი გუნდის გაბედული იერიში ლიდერობისათვის.
სულ, სადღეისოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს” „დიდი ექვსეულის” გუნდებთან 7 თამაშში 5 ქულა აქვს მოპოვებული. ერთადერთ გოლზე ზემოთ ვთქვით. ეს მანკუნიანელთა ჩვეულებრივ სტანდარტზე ცუდი მაჩვენებელია.
მანჩესტერელების ლეგენდა როი კინი: „მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ნაცვლად იმისა, რომ თქვას, წამო ერთი, მოედანზე გავიდეთ და ფეხბურთი მოვიგოთ, „იუნაიტედი” ცხრილში მასზე დაბლა მყოფ გუნდებთან უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობს. „მანჩესტერ იუნაიტედში” იმიტომ უნდა თამასობდე, რომ მოიგო და „მანჩესტერ სიტი” პირველი ადგილიდან ჩამოაგდო. „ჩელსისთან” შეხვედრის მეორე ტაიმში გუნდი გამარჯვებისთვის აღარ იბრძოდა. მგონი „იუნაიტედში” გადაწყვიტეს მეორეზე გამაგრდნენ და თასი მოიგონ”.