ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა დაიქადნა, რომ რეალითი შოუს „მე ვარ სელებრითის” იტალიურ ვერსიას მოიგებს თუ… გველების არ შეეშინდება. მთელი რიგი მენტალური და ფიზიკური ტესტების შემდეგ, 53 წლის გაზა, ორი თვით უდაბურ კუნძულზე გაემართა. კუნძული ჰონდურასშია და ისოლა დე ფამოსი ჰქვია.

თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ „ნიუკასლის”, „ტოტენჰემის”, „ლაციოსა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ასე თქვა:

„ერთადერთი, რისიც ნამდვილად მეშინია, გველებია. დანარჩენს ყველაფერს გავუძლებ: საკვების ნაკლებობას, ხაფანგებსა და წინააღმდეგობებს. აი, გველების დანახვაზე კი მართლა მაზანზარებს. ვფიქრობ, იქიდან ან 24 საათში გამოვიქცევი ან გავიმარჯვებ. სანახევრო შედეგი არ მექნება.

ყველამ იცის, რომ ცხოვრებაში პრობლემები მქონია, მაგრამ მათთან მიბრძოლია კიდეც. ნებისმიერ სიტუაციაში ერთსა და იმავე პიროვნებად ვრჩები.

გამოწვევა, რომელშიც ახლა ვიღებ მონაწილეობას საოცარია, მაგრამ ფაქტია, ადვილი არ იქნება”.

გასკოინთან ერთად შოუში მონაწილეობენ ლამაზმანები: მის იტალია კაროლინა სტრამარე, დანიელა მარტანი და მსახიობი ანჯელა მელილო.