რას არ გაიგებ! თურმე, „ჩელსის” ფეხბურთელები თამაშების წინ ბუცებს მიკროტალღურ ღუმელში ათბობენ. მიზანი: მოთამაშეებს ზამთარში ფეხებზე რომ არ შესცივდეთ და თავიდანვე სრულყოფილად ჩაერთონ შეხვედრაში. და, რაც მთავარია, თბილი ბუცი უფრო დრეკადია და მოთამაშეს ფეხზე გემრიელად ეკვრისო, ამბობენ დასავლეთლონდონელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ოთხეულისთვის იბრძვიან.

„სანმა” გამოიკვლია, რომ მიკროტალღური ღუმელი „ჩელსის” „სტემფორდ ბრიჯის” გასახდელში უდევს და ისე აქვს დაყენებული, რომ როდესაც ფეხსაცმელი საჭირო ტემპერატურას მიაღწევს, ღუმელი პატრონს ატყობინებს.

მეტიც, გუნდს ეს ღუმელი თურმე სტუმრადაც დააქვს.

„თანამედროვე ბუცები ადრინდელთან შედარებით მოტმასნილია და მთელს ტერფს ეკრობა, ძველებურად თასმებით და კვანძით კი არ მაგრდება. ამიტომ, სიცივეში ის შეიძლება უხეშადაც მოგედოს ფეხზე, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ კარგად გამოძრავდები. ამიტომაც ბიჭები მათ ერთი ან ორი წუთით მიკროტალღურ ღუმელში დებენ, სადაც ფეხსაცმელი რბილდება და კომფორტული ხდება.

არ იფიქროთ, რომ გაზულუქებულმა პრემიერლიგელმა მილიონერებმა აღარ იციან რას აკეთებენ. ჩვენი ამოცანა მარტივია: ბუცი რაც შეიძლება მოხერხებულად უნდა იჯდეს ფეხზე” — უთხრა „სანის” ჟურნალისტს მავანმა ჩელსელმა.

მეორე მხრივ კი ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ბუცი ბუცად და „ჩელსის” მზარეულები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც სტადიონზევე ამზადებენ კერძს, რათა ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ, სახლში მისვლამდე აღიდგინონ დახარჯული ენერგია. არც ეს არის მილიონერების უცნაურობა?

თუმცა, ასეც ნუ იტყვი. რა იცი შინ ცოლი ვის რას დაახვედრებს.

ბუცების გათბობა კი კლუბში გასულ სეზონში დაუნერგავთ და თომას ტუხელს ნუ დააბრალებთ.

ხვალ, საქართველოს დროით 20:30-ზე „ჩელსი” გამთბარი ბუცებით „მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს.