გოლის ზეიმი 1993

პოლ მერსონი „არსენალის”, „ასტონ ვილას”, სხვა კლუბების და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. ის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში თბილისშიც არის ნამყოფი. და აი, ახლა უკვე 52 წლის ვეტერანმა „დეილი სტართან” ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ ემუქრებოდნენ სოციალურ ქსელებში, წერდნენ, რომ მის მეუღლესა და შვილებს გაუსწორდებოდნენ. მერსონი ამბობს, რომ ახლა ნანობს, თავის დროზე პოლიცია რომ ჩააყენა საქმის კურსში.

„ერთი ხნის წინ ვთქვი, რომ სანამ ანტონი მარსიალით უტევს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ვერაფერს მოიგებს. ამის გამო თავს საშინელება დამატყდა. ვიღაცამ მომწერა, რომ ჩემს ცოლ-შვილს არხში ჩაყრის. ამის შესახებ მეუღლეს მოვუყევი. გაოცებისგან ორივეს პირი გვქონდა დაღებული.

ჩემმა აგენტმა მკითხა, ხომ არ ჯობდა პოლიციისთვის მიმემართა. მე ვუპასუხე: „არა. ეს კაცი რასაკვირველია არანორმალურია, მაგრამ ჩემი ბრალია. მე არ უნდა წამეკითხა კომენტარები”.

ახლა კი ვნანობ. ვფიქრობ, ჯობდა საქმეში პოლიცია ჩამერთო და მისთვის ჭკუა მესწავლებინა. ის კაცი გამოძვრა და თავს დაუსჯელად გრძნობს.

ამასწინათ ერთ ნაცნობს ვუთხარი, რომ სოციალურ მედიაში ჩემს გვერდებს ვაუქმებ. დიახ, სოციალური მედია ჩემზე მოქმედებს. არის დღეები, როდესაც აღელვებული ვარ, ყველაფრის გულს გარეთ გატარება არ შემიძლია, ისინი კი ნარკომანს და უარეს სიტყვებს მიწოდებენ. რა ჯანდაბად მინდა ასეთი რაღაც ცხოვრებაში?”

პოლ მერსონი სამ ცოლთან რვა შვილის მამაა. ახალგაზრდობაში მას მართლაც ჰქონდა კოკაინის, სმის და კაზინოს პრობლემა.

„დაღუპვას იმან გადამარჩინა, რომ გუნდში ვიყავი. ფეხბურთს ვთამაშობდი,” — უთხრა მან თავის დროზე „მირორს”.