მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში” „იუვენტუსიდან” გადავიდა — ის არტურ მელოში გაცვალეს. ამრიგად, კატალონიურმა კლუბმა უარი თქვა 23 წლის ბრაზილიელზე, რომელსაც ადრე „ახალ ჩავის” ეძახდნენ და მიიწვია 30 წლის ტექნიკური, გამოცდილი, კუთხურებისა და ჯარიმების ჩაწოდება-დარტყმაში გაწაფული ბოსნიელი. მას „კამპ ნოუზე” ახალი პროექტის ნაწილად მიიჩნევდნენ.
როგორც ადგილობრივი პრესა წერს, კატალონიელი გულშემატკივრის სამწუხაროდ, პიანიჩმა „ბარსას” საერთოდ ვერაფერი შესძინა — რამდენი შანსიც მისცეს, იმდენი ქარს გაატანა.
24 თებერვალს „ბარსამ” „ელჩესთან” ითამაშა, 3:0 მოიგო. ამ შეხვედრაში რონალდ კუმანმა ბოსნიელს კიდევ ერთი, ვინ იცის ბოლო შანსი მისცა და… პირველი ტაიმის შემდეგ მოედნიდან გაიყვანა. პიანიჩმა კვლავ ვერაფრით მოიწონა თავი. დამტკიცდა, რომ გუნდში მასზე სასარგებლონი არიან რიკი პუჩი და ილაიშ მორიბა, ფრენკი დე იონგსა და პედრიზე ხომ აღარ არის ლაპარაკი.
პიანიჩი სერხიო ბუსკეტსის ადგილზე თამაშობდა, მაგრამ სავალალოდ: შვიდჯერ დაკარგა ბურთი; ხოლო ის მობილურობა, რომელიც ცენტრალურ ნახევარმცველს უნდა ახასიათებდეს, ვერ გამოიჩინა.
„პიანიჩმა ბურთის ფლობის დროს სისწრაფეს უნდა მოუმატოს და მოედანზე თავის როლს უფრო კარგად უნდა მიხვდეს,” — გააკრიტიკა ბოსნიელი კუმანმა.
ამრიგად, მირალემ პიანიჩს „ბარსას” 37 მატჩიდან ოცდაშვიდში აქვს მონაწილეობა მიღებული და ამ შეხვედრებში არც გოლი გაუტანია, არც საგოლე პასი ჩაუწოდებია და… უბრალოდ რომ ვთქვათ, კარგად ერთხელაც არ უთამაშია. კატალონიაში წერენ, რომ მან კუმანი დაღალა.