უეფა დიდ რეორგანიზაციას აპირებს. ევროპული ფეხბურთის შეფებს უნდათ 2024 წლიდან, სულ ცოტა 9 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგა 36 გუნდიანი გახადონ, ფინალი კი ნიუ იორკში ჩაატარონ.

ნიუ იორკი სპონსორებისთვისაც მომხიბლავი ქალაქია. უეფას აზრით ლიგის ფინალის მსოფლიო მეგაპოლისში გამართვის იდეა მათ ძალიან მოეწონებათ.

სხვათა შორის, 2016 წელს, როდესაც ალექსანდრ ჩეფერინს უეფას პრეზიდენტად ირჩევდნენ, მან თქვა: „ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ევროპის გარეთ ჩატარების იდეა სამომავლოა, მაგრამ ამაზე უკვე ვფიქრობთ. მანძილი? ვითომ, პორტუგალიიდან აზერბაიჯანში ჩასვლა ნიუ იორკში გამგზავრებისგან ძალიან განსხვავდება? დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრისთვის მოგზაურობა პრობლემა არ იქნება”.

ზემოთ, 2024 წელი ვახსენეთ. მანამდე ფინალები განაწილებულია: წლეულს სტამბოლში, შემდეგ სანკტ პეტერბურგში, მიუნხენსა და ლონდონში — „უემბლიზე”.

„უემბლის” მერე კი, ევროპის ტოპ-ლიგების უკმაყოფილების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატი შეიცვლება. კერძოდ, გაიზრდება გუნდების რაოდენობა. ოთხი ახალი ადგილიდან ორი გადაეცემა ეგრეთწოდებული მაღალი ისტორიული კოეფიციენტის მქონე გუნდებს. ამით, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „იუვენტუსის” ტიპის კლუბებს შეჯიბრებაში უკანა შესასვლელიდან შესვლის საშუალება მიეცემათ.

უეფა აპირებს ჩემპიონთა ლიგა „შვეიცარიული სისტემით” ჩაატაროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გუნდი გამართავს 10 თამაშს, ოღონდ თანაჯგუფელებთან კი არა, არამედ განთესილ, ასე ვთქვათ, მათთვის შერჩეულ მეტოქეებთან, რის შედეგადაც შედგება შეჯიბრების საბოლოო ცხრილი.

შემდეგ, ჩატარდება მერვედფინალი, სადაც მოხვდება ცხრილის 8 ზედა გუნდს პლუს 9-24 ადგილებზე გასულთა ფლეი-ოფით გარკვეული მეორე 8 გუნდი.

მაგრამ, უეფას მთავარი საზრუნავი ფორმატის შემუშავება კი არა, ახალი სპონსორების მოძიებაა, საამისოდ კი აშშ-ის ბაზარი მისწრება უნდა იყოს. სად-სად და სწორედ ამერიკაში შეიძლება დამატებითი მილიონების მოხვეტა.

დროში რომ იქნება განსხვავება? გამოსავალი აქაც არის: მაგალითად, ფინალის აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 15 საათზე დაწყება იმას ნიშნავს, რომ ინგლისელები ტელევიზორებს 20 საათზე, ევროპის უმეტეს ტერიტორიაზე კი 21 საათზე მიუსხდებიან; ხოლო საქართველოში, როგორც აქამდე ვათენებთ ღამეებს, ისევე გავათენებთ მომავალშიც. ამ პროექტისთვის, გნებავთ საფეხბურთო და გნებავთ მარკეტინგული თვალსაზრისით საქართველო უმნიშვნელო ქვეყანაა.

და თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულობით, აშშ-ში, ევროპული გრანდების ამხანაგურ(!) თამაშებს 100 ათასი მაყურებელიც კი დასწრებია, წესით ჩეფერინის გათვლა სწორი უნდა იყოს.