საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში სამ მატჩს გამართავს. იცდახუთში შვედებთან სტუმრად, ოცდარვაში შინ ესპანეთთან და ოცდათერთმეტში ისევ სტუმრად საბერძნეთში. დიდია შანსი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ციკლს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდეს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები წამოიწყო „მამლუქებთან“ და თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქმე უკრაინელი გიორგი წიტაიშვილისა და ფრანგი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის „გაქართველებაზე“.
წიტაიშვილი კიევის დინამოელია, მაგრამ მის პოზიციაზე გუნდში უკრაინის ნაკრების ფეხბურთელია, ამიტომაც თამაში არ უწევს და პოლტავის „ვორსკლაში“ გაანათხოვრეს. გიორგის უთამაშია უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში, ხოლო 20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია და ფინალში სამხრეთ კორეას გოლიც გაუტანა.
მოკლედ, პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ უკრაინაში ჯერ „ვორსკლასა“ და ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ გასცდა.
წიტაიშვილზე ინფორმაცია უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა. ამას, უკვე მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი და უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ, რომ ასე არ მოხდეს.
ჯერ პრესაში მიუძღვნეს წერილი და ისე „დააშინეს“. ჟურნალისტები აფრთხილებენ, რომ ამ ნაბიჯით წიტაიშვილი ლეგიონერის სტატუსს მიიღებს. პლუს, ბექა ვაჩიბერაძე გაახსენეს, რომელმაც გარკვეული მიზეზის გამო ჩვენ ნაკრებში ფეხი ვერ მოიკიდა და მერე ვერც გუნდში, ახლა კი, საერთოდ უფეხბურთოდააო. თუმცა, აქვე არ გახსენებიათ ვალერიან გვილია, ვისაც ასევე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, ჩვენს ნაკრებშიც კარგად ირჯება და პოლონურ „ლეგიაშიც“.
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი რუსლან როტანი კი, უფრო შორს წავიდა და წიტაიშვილის გადაწყვეტილება თავისებურად ახსნა.
როტანის თქმით, ფეხბურთელს ვერაფერს აიძულებს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მას ნაკრებში პატრიოტები სჭირდება.
არადა, ზუსტად პატრიოტიზმი ჩაერია საქმეში, როდესაც წიტაიშვილმა საქართველოს პასპორტის მიღება გადაწყვიტა და ბაბუის ანდერძის შესრულება მოინდომა.
დიახ, წიტაიშვილი მამა, კლიმენტი წიტაიშვილი ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იყო. საფეხბურთო ოჯახიდან არის დედაც – ყოფილი მსაჯის სერგო კვარაცხელიას ძმის შვილიშვილია.
ასეა, თუ ისე, წიტაიშვილზე ფარული დავა ჯერ კიდევ გრძელდება…
რაც შეეხება მიქაუტაძეს: გავრცელებული ხმებით, საქართველოს პასპორტს 20 წლის თავდამსხმელიც აიღებს.
ბელგიური სერენის ცენტრფორვარდი ლიონშია დაბადებული. ფეხბურთის თამაშიც იქ დაიწყო, შემდეგ კი „მეცთან“ გააფორმა პროფესიული კონტრაქტი. თუმცა, წიტაიშვილის მსგავსად შემადგენლობაში ვერც ის ხვდება და ბელგიის მეორე დივიზიონის „სერენშია” განათხოვრებული.
იქ კი, ჩინებულად ირჯება – 15 მატჩი, 16 გოლი.
ჯერჯერობით, ფრანგულ მხარეს მიქაუტაძეზე პრეტენზია არ გამოუთქვამს…