ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა” „ატალანტას” სტუმრად 1:0 მოუგო. ამ ერთ ჩვეულებრივ შეხვედრას წესით მიმოხილვაც არაფრისმთქმელი უნდა ჰქონოდა, მაგრამ შევიხედეთ რა კატალონიური „სპორტის” საიტზე, საინტერესოდ გვეჩვენა, თუ როგორ აღწერენ „მოსისხლე მტრის” გამარჯვებას ბარსელონელი ჟურნალისტები. ვფიქრობთ, ეს მიმოხილვა ზუსტად ასახავს არა „ატალანტასა” და „რეალის” თამაშს, არამედ „ბარსასა” და „რეალის” ურთიერთდამოკიდებულებას:

„ისინი ამას რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებენ. თამაშის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე ფერლანდ მენდიმ „რეალს” „ატალანტასთან” მინიმალური სხვაობით მოაგებინა.

მე-17 წუთზე, ზედმეტად მონდომებული მსაჯის მიერ რემო ფლოირერის უსამართლოდ გაძევების წყალობით მადრიდელები უპირატესობას ფლობდნენ — ისინი ამასაც რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებენ.

გააფრთხილეს კაზემიროც. ის საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს, რაც „ატალანტას” შანსს აძლევს, ვინაიდან კაზემირო „რეალის” ერთ-ერთი მართლა ძლიერი ფეხბურთელია. მოგვიანებით, მისთვის წითელი ბარათის ამოღებაც შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და თამაში ჩაამთავრებინა.

არადა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც მადრიდელები გოლის გატანას ცდილობდნენ, „ატალანტა” კი კარგად იცავდა თავს.

ვინისიუს ჟუნიორმა, ტონი კროოსმა და ისკომ კარში ვერ დაუმიზნეს, „რეალის” მეკარე ტიბო კურტუას საქმე საერთოდ არ ჰქონდა — კვადრატული ფესვი არაფრისგან.

ამრიგად, თამაში ჩიხისკენ მიდიოდა და „რეალი” თავის 70 წუთიან უპირატესობას ვერაფერს უხერხებდა, როდესაც მენდიმ შორიდან, მარჯვენა ფეხით, ნაკლებად მოსალოდნელი გოლი გაიტანა.  ეს იყო კარგი დარტყმა, რომელიც ყისმათიანი გამოდგა მადრიდელებისთვის, რომლებიც გამოფიტულები არიან და ყოველ მომდევნო თამაშში ბრძოლისთვის ცხოვრობენ”.