ეს იყო ინგლისელი ჯამალ მუსიალას დღე. 17 წლისა და 363 დღის ნახევარმცველმა „ბაიერნისა” და „ლაციოს” შეხვედრაში გოლი გაიტანა (ვიდეო) და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ბავარიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში თავი გამოიჩინა — მანამდე ეს რეკორდი 18 წლის და 60 დღის სამუელ კუფურს ეკუთვნოდა.
მუსიალას ასისტენტობა ლეონ გორეცკამ გაუწია. ინგლისელმა დაახლოებით 16 მეტრიდან დაარტყა და შეხვედრის მეორე გოლი გაიტანა. თამაში, რომელიც რომში „სტადიო ოლიმპიკოზე” ჩატარდა „ბაიერნმა” 4:1 მოიგო.
„რეკორდმაისტერის” თავკაცმა ჰანსი ფლიკმა, რომელიც დღეს 56 წლისა ხდება, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მუსიალა გააკრიტიკა, მაგრამ ბუნდესლიგაში „არმინიასა” (3:3) და „აინტრახტთან” (1:2) უხეირო თამაშების შემდეგ ყმაწვილკაცი შემადგენლობაში დააბრუნა და გაუმართლა კიდეც.
შაბათს მუსიალა 18 წლისა გახდება და „ბაიერნთან” პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებს. ლაპარაკია ხუთწლიან ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ის წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.
„ბოლო რამდენიმე კვირაში, მის ცხოვრებაში ბევრი სიახლე იყო. პირველი პროფესიული კონტრაქტი… 17 წლის ბიჭს ეს სამუდამოდ დაგამახსოვრდება. შემდეგ კი მან უნდა აირჩიოს გერმანიის ნაკრებში ითამაშებს თუ ინგლისისაში” — თქვა „ბაიერნის” მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა.
ჯამალ მუსიალა გერმანიაშია დაბადებული, თუმცა 7 წლისა დედამ ინგლისში წაიყვანა და იქ, „ჩელსის” სკოლაში ისწავლა ფეხბურთის თამაში.
„შპორტ ბილდის” ინფორმაციით ფეხბურთელი უახლოეს დღეებსი იტყვის რომელი ქვეყნის ეროვნულ გუნდში უნდა თამაში და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა გერმანია იქნება.
„ბაიერნმა” კი რომში ჩემპიონთა ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა: მიჯრით 17 სტუმრობა წაგების გარეშე!