დღეს დილიდან ავჭალაში ხმაური იყო – სარაგბო სტადიონ „ავჭალას“ საკონფერენციო დარბაზში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები იყო ჩანიშნული.
მშვიდობა ვერადავერ დამყარდა. მთელი წინაისტორიის გახსენებას არ დავიწყებთ. მხოლოდ ბოლოდროინდელ ამბებს შეგახსენებთ. საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძის პრეზიდენტობა არ დაარეგისტრირა და „ძველმა“ გამგეობამ ახალი არჩევნები დანიშნა.
23 თებერვალს პრეზიდენტობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა და განაცხადი ერთადერთმა – ბიზნესმენმა იოსებ ტყემალაძემ შეიტანა.
სტადიონთან ხმაური ვახსენეთ და აი, რა ხდებოდა „ავჭალასთან“ – ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პროტესტი სტადიონთან მისვლით გამოხატეს, ხოლო ტყემალაძის გამოჩენამ ეს პროტესტი გააათმაგა. „აბუს“ მეგობრები, რომელთა შორის უამრავი ცნობილი მორაგბე იყო – თუნდაც ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტნები ირაკლი მაჩხანელი და პალიკო ჯიმშელაძე, პრეზიდენტობის კანდიდატთან მწვავე პოლემიკაში შევიდნენ, გაისმა შეურაცხმყოფელი შეძახილები და მუქარებიც კი, თანაც ორივე მიმართულებით.
საბოლოოდ ყველაფერი ძალზე პროზაულად დასრულდა – არჩევნებზე ქვორუმისთვის საკმარისი რაოდენობის დელეგატები არ გამოცხადდნენ და „ძველი“ გამგეობა იძულებული გახდა, არჩევნები არშემდგარად გამოეცხადებინა.
დებულების თანახმად, განმეორებითი არჩევნები 10-30-დღიან ინტერვალში უნდა ჩატარდეს და აი იქ ქვორუმი აუცილებელი აღარ იქნება – პრეზიდენტს დამსწრეთა უბრალო უმრავლესობა აირჩევს…