ამ სეზონში, ინგლისში სტადიონზე მაყურებელს დააბრუნებენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინიტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ 17 მაისს ჩარაზული ჭიშკრები გაიხსნება.

ეს ნიშნავს, რომ 23 მაისს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, თითოეულ თამაშს საშუალოდ 10 ათასი ადამიანი დაესწრება — სარბიელთა ტევადობის 25 პროცენტი. და ეს საუცხოო ცნობაა ინგლისის ფეხბურთის ლიგის ანუ ქვედა ეშელონის კლუბებისთვისაც, რადგან ამ პერიოდში მათ ფლეი-ოფები უწევთ.

უფრო ზუსტად, ჩემპიონშიპის, პირველი და მეორე ლიგის გუნდების თამაშები 29-30 მაისის უქმეებზე არის გაგეგმილი და, ჩვეულებრივ, ეს თამაშები „უემბლიზე” იმართება ხოლმე, „უემბლი” კი 90 000 მაყურებელს იტევს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდ თვის წინ, 2020 წლის დეკემბერში, ინგლისის სტადიონებზე მცირე რაოდენობის მაყურებელი დაუშვეს, მაგრამ მაინცდამაინც მაშინ გამოჩნდა კორონავირუსის ბრიტანული შტამი, ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ახალგახსნილი არენები ხელადვე დახურეს.

რასაკვირველია, როდესაც მაისის ბოლოს სტადიონების გახსნაზე ლაპარაკობდა, ჯონსონმა იქვე დასძინა, რომ თუკი იმ დროისთვის კორონავირუსი კვლავ შემოუტევთ, გადაწყვეტილება შეიცვლება.

საინტერესოა, რომ ამჯერად ლაპარაკია არა მარტო ღია სარბიელებზე, არამედ სპორტულ დარბაზებზეც, სადაც 1000 მაყურებელს, უფრო პატარა ნაგებობებში კი ტევადობის ნახევარს შეუშვებენ.

პრემიერ მინისტრის სიტყვებმა გააჩინა იმედი, რომ ხალხი შეიძლება დაესწროს ევრო 2022-ის იმ შვიდ თამაშს, რომელიც ინგლისში უნდა ჩატარდეს.

ღიაა „უიმბლდონის” საკითხიც.