ავსტრალიაში სენსაცია არ შედგა. ისე, განა რა სენსაცია იქნებოდა, თუ უკვე ხვალიდან მსოფლიოს მე-3 ჩოგანი რუსი მოქმედ პირველ სერბს მოუგებდა?

დანილ მედვედევის მხარეს 20-მატჩიანი წაუგებელი სერია იყო, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი 13-წლიანი ტრადიცია უმაგრებდა ზურგს. სწორედ ამდენი გავიდა “ნოლეს” პირველი ავსტრალიური ტრიუმფიდან. მას შემდეგ, თუკი ნახევარფინალში გადიოდა, ჯოკოვიჩი აუცილებლად იგებდა ავსტრალიურ სლემტიტულს. ეს უკვე მე-9 ფინალი და მე-9 თასია.

ფინალში ნოვაკს შედარებით გაუჭირდა პირველი სეტის მოგება, მერე კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა – 7:5, 6:2, 6:2. სერბს რუსის ძლეაში ეგებ ისიც დაეხმარა, რომ მას ხუთი თითივით იცნობს. წლების წინ ჭაბუკი მედვედევი მისი სპარინგ-პარტნიორი იყო და ტურნირიდან ტურნირზე მისივე თვითმფრინავით დაფრინავდა. “ნოლე” კვლავაც პირველია, მედვედევმა კი გამარჯვების შემთხვევაში მეორე ჩოგნობამდე აღზევების შანსი ხელიდან გაუშვა.

არადა, მსოფლიოში მეორეობამდე 2005 წლის შემდეგ დიდი ოთხეულის (ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი, მარი) გარდა არავის მიუღწევია.