თელ ავივში დასრულებული დიდი სლემის დასკვნითი დღე ხვავრიელი გამოდგა საქართველოს დელეგაციისთვის. ბოლო დღეს ჩვენებმა ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა ერთმანეთის მიყოლებით მოუგო ისრაელის წარმომადგენელ ბენ ტენებუამს, გერმანელ ტიმ შმიდტს, იტალიელ ნიკოლას მუნგაისა და სლოვაკ მილან რანდლის. შედეგად ბექაური ფინალში გავიდა და გაესპანელებულ ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაეტაკა, სადაც ოქრო ჩვენებურმა ქართველმა ირგუნა.

ამავე წონაში ბექა ღვინიაშვილმაც კარგად დაიწყო: ჯერ ყირგიზი ერლან შეროვი დაამარცხა, მერე ბრიტანელი მაქს სტიუარტი, ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა კი რანდლისთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მუნგაის მოუგო და ბრინჯაოსთვის აზერბაჯანელ მამადალი მეჰდიევს დაეჭიდა და იპონით მოუგო.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ჯერ ბულგარელი დანილ დიჩევი დაამარცხა, მერე სერბ ბოიან დოსენს მოუგო, ნახევარფინალში გასასვლელი კი ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან წააგო. სამაგიეროდ, რეპეშაჟში ბელარუს მიკიტა სვირიდთან იყოჩაღა  და ბრინჯაოსთვის ჭიდაობის უფლება ონისე სანებლიძესთან მიიღო.

სანებლიძემ უკეთესად გაიარა გზა: სერბი ალექსანდრ კუკოლის შემდეგ, ორ აზერბაიჯენელ ძიუდოისტს, ელმარ გასიმოვსა და ზელინ კოწოევს მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში მასპინძელ პეტერ პალტჩიკთან წააგო და ბრინჯაოსთვის ილია სულამანიძეს შეხვდა. ქართველთა ჯახში სულამანიძემ იმარჯვა.

მძიმე წონაში გელა ზაალიშვილმა ოქროსკენ მიმავალ გზაზე უნგრელი რიჩარდ შიპოჩი, ებრაელი სერაფიმ კომპანიესი, ნიდერლანდელი როი მეიერი და თანამემამულე გურამ თუშიშვილი დაამარცხა. ფინალში ზაალიშვილის მეტოქე რუსი ტამერლან ბაშაევი იყო, სადაც ზაალიშვილმა ჩინებულად იჭიდავა და მკერდი უმაღლესი ხარისხის მედლით დაიმშვენა.

ზაალიშვილთან წაგებით თუშიშვილი ბრინჯაოსთვის უკრაინელ ალეკსანდრ ვახავიაკს შეხვდა და ბრინჯაოს გამორჩა. მანამდე კი, სერბი ვიტო დრაგიჩი და ტაჯიკი თემურ რახიმოვი დაამარცხა.