„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან.
რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ.
— როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას ტუხელი „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში, მართლა უნდოდა თქვენი „პარკ დე პრენსზე” გადაბირება?
— პარიზელებთან მოლაპარაკებები რომ მქონდა, საიდუმლო არ არის, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო რჩებოდა და არ გამოვიდა. თან, „ჩელსის” ჩემი გაშვება არ უნდოდა და არც მე მიმიწევდა გული ლონდონიდან.
— შემდეგ კი ტუხელი თავად გადმოვიდა „ჩელსიში” და პირველი, რაც გააკეთა, დაცვა გააძლიერა. ახლა თქვენი გუნდი გოლს თითქმის აღარ უშვებს. როგორ მოახერხა მან ეს?
— მცველთა სამკაციან ჯაჭვზე გადავერთეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეტევაზე ხელი ავიღეთ. ახლა, ჩვენ ვცდილობთ მოწინააღმდეგე მის ნახევარზე მივპრესოთ, ისე რომ, ჩვენი კარისკენ წამოსვლის ერთადერთ გზად გრძელი პასები დარჩეს. ეს კი „ჩელსის” უკანა ხაზს საქმეს უიოლებს. ჩვენ თავით კარგად ვთამაშობთ და გადმოგდებულ ბურთებს იოლად ვიხელთებთ ხოლმე.
— როგორ მოიპოვა ტუხელმა „ჩელსიში” გავლენა ასე მალე?
— ყველა, ვინც ტუხელს იცნობს დამეთანხმება, რომ ის ყველა წვრილმანის გათვლას ცდილობს. მისთვის რაიმეს ალალბედზე დატოვება წარმოუდგენელია. ის ტაქტიკის მელაა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან სულ ერთი-ორი შეხვედრა მოვახერხეთ, თავისი დამოკიდებულების ჩვენთვის გადმოცემა შეძლო.
— ინგლისში თქვენ ანტი-ლემპარდისტად გიცნობენ. მართლაც, სანამ „ჩელსის” ფრენკ ლემპარდი წვრთნიდა, თქვენ ძალიან იშვიათად გადიოდით მოედანზე…
— მტერი რომ ვყოფილიყავი, ლემპარდი ბოლო მატჩებში რატომ მათამაშებდა? ეს სისულელე და ჭორია, რომელიც სეზონის დასაწყისში დაირხა, როდესაც მე მართლაც იშვიათად ვთამაშობდი.
— ზამთრის სატრანსფერო სეზონის ბოლოს თქვენ „ჩელსიდან” წასვლას მართლაც აღარ ეშურებოდით. რატომ?
— შემოდგომაზე, როდესაც „ჩელსის” შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი, სატრანსფერო სეზონის დახურვამდე აღარაფერი ესწრებოდა. მაშინ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად მებრძოლა. თან, პანდემიის პერიოდში ბევრ კლუბს უჭირს ახალი ფეხბურთელი ყიდვა. ერთი სიტყვით, მართალია წინადადებები მქონდა, მაგრამ მაინც დარჩენა ვამჯობინე, წლის ბოლოს კი ლემპარდი უკვე მათამაშებდა.
— როდესაც ლემპარდის კრიზისი გაძლიერდა, ვარჯიშზე თქვენ და სესარ ასპილიკუეტას კამათი მოგსვლიათ. რა მოხდა ასეთი?
— ტყუილია. მე და ასპი ოთხი წელიწადია თანაგუნდელები ვართ და ამ ხნის მანძილზე ერთხელ არ შეგვიბრუნებია ერთმანეთისთვის სიტყვა. ჭორი იოლად ვრცელდება.
— ტუხელს დავუბრუნდეთ. როდესაც ის „ჩელსის” სათავეში ჩაუდგა, პირველ შეხვედრაში ტიმო ვერნერი არ ათამაშა. ეს რას ნიშნავდა? ამით ხაზი გაუსვა, რომ გერმანელებს უპირატესობას არ მისცემს?
— ეროვნება არაფერ შუაშია. ტიმო მალევე მოხვდა ძირითადში. სხვათა შორის, მერე დაიწყეს, რომ ტუხელის ხელში ინგლისელები იჩაგრებიან, მაგრამ რანაირად? განა რის ჯეიმსი, მეისონ მაუნტი, ჰადსონ-ოდოი და ტამი აბრაჰამი ამ ბოლო დროს არ ათამაშდნენ შესანიშნავად? რა შუაშია გერმანელი და ინგლისელი. ტუხელი მხოლოდ საფეხბურთო პრინციპებით ხელმძღვანელობს.
— ვერნერსა და კაი ჰავერცს კი ინგლისში არაერთგვაროვანი სტარტი ჰქონდათ და კრიტიკაც არ დაჰკლებიათ. როგორ ეხმარებით თანამემამულეებს?
— წარმოიდგინეთ, ორივე ახლაგაზრდაა, საზღვარგარეთ პირველად არიან, იციან, რომ მათ სანაცვლოდ დიდძალი ფულია გადახდილი და ეს თანხა უნდა გაამართლონ… ამის გაძლება ძალიან ძნელია. ჩემი დახმარებაც სწორედ ის არის, რომ ვუჩიჩინებ, ყურადღება თავიანთ საქმეზე გაამახვილონ, სხვას ყველაფერს კი ყური არ ათხოვონ. ჩემი დახმარება იყო ისიც, რომ ორივეს მე ვურჩიე „სტემფორდ ბრიჯზე” გადმოსვლა. მოედანზე კი მე ვერაფერს ვიზამ. იქ, თავად უნდა თქვან თავიანთი სიტყვა.
— ჰავერცის პრობლემა მეისონ მაუნტი ხომ არ არის? ისინი ერთ პოზიციაზე თამაშობენ, მაუნტი კი ადგილობრივი ფანების კერპია…
— მაუნტი შესანიშნავ ფორმაშია და საკუთარი შესაძლებლობების სწამს. კაი ამაზე ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, რაც ნაკრებში პირველ ერთობლივ ვარჯიშზე შევამჩნიე. ეჭვი არ მეპარება, რომ ჰავერცს „ჩელსიში” დიდი მომავალი ელის. საბოლოოდ კი მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის გაიყვანს მოედანზე და ვის არა.
— „ჩელსის” საყიდლების სიაში არიან გერმანელები დავიდ ალაბა, ნიკლას ზულე და ჯერომ ბოატენგი. რომელი მათგანი გამოადგება თქვენს გუნდს?
— თუკი ამ სამეულიდან ერთი ერთი იქნება ასარჩევი და კლუბი აზრი მკითხავს, მე რასაკვირველია სამივეს დავახასიათებ. ნიკლასსა და ჯერომს ძალიან კარგად ვიცნობ, დავიდთანაც მქონია კონტაქტი. თავის მხრივ, ბიჭებსაც მოვუყვებოდი ყველაფერს, რაც „სტემფორდ ბრიჯზე” მომწონს და კარგია.