„ბარსელონამ” „პარი სენ ჟერმენთან” შინ 1:4 წააგო. ინგლისელ ვეტერანსა და BT Sport-ის ექსპერტ ჯო კოულს ამ შეხვედრაში ლეო მესის გუნებ-განწყობა და თამაშისადმი დამოკიდებულება მოხვდა თვალში.

ბოლო პერიოდში „ბარსელონა” ძველებურად ვეღარ თამაშობს. იკვეთება პრობლემა მოედნის ორივე ბოლოში — როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ამ კრიზისის გამოვლინება გახლდათ წუხანდელი მარცხი პარიზელებთან, რაც „ბლაუგრანასთვის”, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გავარდნას ნიშნავდეს.

ანგარიში კატალონიელებმა გახსნეს — 27-ე წუთზე მესიმ პენალტით შეაგდო, მაგრამ ხუთ წუთში კილიან მბაპემ გაქვითა. მბაპემ ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, საფრანგეთის ჩემპიონთა მეოთხე გოლი კი მოის კინმა მიიწერა.

კოულმა მატჩის შემდეგ თქვა: „არ აინტერესებდა — აი, ამ ფრაზით შემიძლია ავღწერო მესის თამაში. „ბარსელონას” მოქმედებებში არ იგრძნობოდა სიმძლავრე, ერთსულოვნება. უკანა ოთხეულსა და წინა სამეულს შორის კავშირი არ ჩანდა. არ იყო მოსაწონი, რაც შუაში ხდებოდა.

მესის შესახებ უკვე გითხარით — არ აინტერესებდა. ძნელია ჩემთვის, ყოფილი ფეხბურთელისთვის აკრიტიკოს მოქმედი, მითუფრო მესი, უდიადესი მათ შორის ვინც ოდესმე მინახავს. ის გენიოსია, მაგრამ დღეს აშკარად არ ტოვებდა იმ კაცის შთაბეჭდილებას, რომელიც შეხვედრაში ემოციურად იყო ჩართული.

ის „ბარსელონას” ლიდერია. ლიდერები არიან ჟერარდ პიკე და სერხიო ბუსკეტსიც. ეს ტრიო გუნდის ხერხემალს წარმოადგენს, მაგრამ… ხერხემალს რომელიც იშლება.

თამაში 4:1 დასრულდა, ოღონდ პარიზელებს მეხუთე და მეექვსე გოლების გატანაც შეეძლოთ. „ბარსელონას” ცუდი დრო უდგას”.

ამის შემდეგ, „ჩელსისა” და „ვესტ ჰემის” ვეტერანი შეეხო თემას: უღირს თუ არა „მანჩესტერ სიტის” ზაფხულში მესის ყიდვა. „სიტის” წვრთნის პეპ გვარდიოლა, „ბარსას” ყოფილი თავკაცი რაც სერიოზული არგუმენტია. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელის შეძენა „პარი სენ ჟერმენსაც” სურს.

„სანამ მესის ყიდვას გადაწყვეტენ, „სიტის” ხელმძღვანელები კარგად უნდა დაფიქრდნენ, — თქვა კოულმა, — დღეს ის ინდიფერენტული ჩანდა. არგენტინელი უკვე 34 წლის არის და თუ მომავალშიც ასეთ განწყობაზე იქნება, მისი შეძენა ან გაამართლებს ან არა. პეპის „სიტი” კი აგებულია ერთსულოვნებაზე, ენერგიაზე, ჟინზე…

„ბარსაში” როგორც ჩანს არეულობაა. ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. მეეჭვება, რომ მესის „კამპ ნოუზე” მომავალი ჰქონდეს.

საერთოდაც, ამიერიდან მესის რომელიმე დიდ გუნდში გაუჭირდება, რადგან დროის უკან გადახვევა და სამი-ოთხი წლის წინანდელივით თამაში დასჭირდება”.