„პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა ვარსკვვლავმა ნეიმარმა ტვიტერში დაწერა ეს პენალტი კი არა, მასხარობა იყოო, მაგრამ თავისი ტვიტი მალევე წაშალა — საქმე ეხებოდა „ბარსელონასა” და პსჟ-ს წუხანდელი შეხვედრის იმ ეპიზოდს, როდესაც ჰოლანდიელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ლეო მესიმ გაიტანა. მიმდინარეობდა პირველი ტაიმის 27-ე წუთი. „ბარსა” დაწინაურდა.

ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ტრავმის გამო არ მონაწილეობდა. ის საფრანგეთის ჩემპიონატში, „კაენთან” თამაშის დროს დაშავდა. მისი მკურნალობა დროს მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი გაუშვა, „პარი სენ ჟერმენმა” მეტოქეს აჯობა, ოთხი საპასუხო გაუტანა და 4:1 დაამარცხა. ნეიმარმაც, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ მისი ტვიტი აქტუალური აღარ იყო და პენალტის გაპროტესტებით თავის ყოფილ თანაგუნდელებს, ბარსელონელებსაც ამაოდ აწყენინებდა. როგორც გითხარით, ბრაზილიელმა ის წაშალა.

ეპიზოდი კი შეგიძლიათ ქვემოთ ვიდეოზე ნახოთ. არბიტრის თანამემამულე ფრენკი დე იონგი საჯარიმოში შერბის და ეცემა, რადგან კუიპერსის აზრით მას  ლაივენ კურზავამ ფეხი მიჰკრა.