ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მწარე ალიყური გააწნა „ბარსელონას“. საკუთარ მოედანზე 1:4 წაგება ერთია და ესპანური გრანდი (ისევე, როგორც მისი ლიდერი) საკუთარ თავს არ ჰგავდა.

„კამპ ნოუს“ ნამდვილი მეფე წუხელ კილიან მბაპე იყო. ყველაზე მეტი დარტყმა (6), ზუსტი დარტყმა (4), შექმნილი მომენტები (6), საჯარიმოში ბურთის მიღება (10) და რაღა თქმა უნდა, ჰეთ-თრიკი.

მბპემდე ჩემპიონთა ლიგაში „კამპ ნოუზე“ სამი გოლი ბარსელონელებისთვის მხოლოდ ანდრეი შევჩენკოს გაეტანა – 1997 წელს კიევის „დინამოს“ ლიდერი დაფრინავდა, მბაპე კი ჯერ დაბადებულიც არ იყო.

სხვათა შორის, გასულ ოქტომბერში საფრანგეთი-უკრაინის მატჩის შემდეგ მბაპემ „შევა“ პირადად გაიცნო და საერთო ფოტოს მიაწერა: „დიდი პატივისცემა ლეგენდას“.

კილიანი ჯერ 22 წლისაა, ჩემპიონთა ლიგაში 41 მატჩში ითამაშა, 24 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა. უკვე დიდებულია და წინ კიდევ მთელი საფეხბურთო კარიერაა.

რაც შეეხება ჰეთ-თრიქებს, „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაუბედა, ოღონდ არა „კამპ ნოუზე“ – კოლუმბიელმა ფაუსტინო ასპრილიამ ეს იმავე 1997 წელს ჩემპიონთა ლიგის იმავე ჯგუფურ ეტაპზე ინგლისური „ნიუკასლის“ მაისურით მოახერხა. მაშინ ჯგუფი კიეველებმა მოიგეს, მეორე ჰოლანდიური პსვ იყო, მესამე „ნიუკასლი“ და „ბარსელონა“ მეოთხეზე დარჩა. მაშინ „ნიუკასლის“ ღირსებას თემურ ქეცბაია იცავდა.