იურგენ კლოპმა თავისი ფეხბურთელები შეაქო, რადგან მათ სულის სიძლიერე გამოავლინეს და „ლაიფციგს” 2:0 მოუგეს, რითაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. გოლები მეორე ტაიმში გაიტანეს მო სალაჰმა და სადიო მანემ. ინგლისური პრესის შეფასებით, მერსისაიდელებს ასე კარგად შობის შემდეგ არ უთამაშიათ.
თამაში უნგრეთში ჩატარდა. „ლივერპულს” რომ წაეგო, კლოპის მოწინააღმდეგეები დიდ კრიზისზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, მაგრამ „წითლებმა” მათ ამის საშუალება არ მისცეს.
„ბოლოდროინდელი ამბების გამო ბევრი ელოდა, რომ ფეხი დაგვიცდებოდა, მაგრამ ბიჭებმა ეს არ დაუშვეს, — თქვა კლოპმა, — დიდად არ მჯერა, რომ სხვისთვის მისი სიმცდარის დამტკიცების სურვილი შეიძლება მოტივაციად გამოდგეს. უბრალოდ, ხალხი ელოდა, რომ კვლავ გაგვიჭირდებოდა.
თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგმა თამაშმა კი დამსახურებულ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. ვიცნობ რა ორივე გუნდის მენტალიტეტს, რომელიმეს დიდ უპირატესობას არ ველოდი, მაგრამ, ვფიქრობ, მატჩმა მაინც ჩვენი უპირატესობით ჩაიარა.
კარგად ვიცი, რომ „ლაიფციგს” შეუძლია ძალიან შთამბეჭდავად ითამაშოს. ჩვენც სწორედ ამიტომ უნდა გამოგვეჩინა დიდი სიფრთხილე. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. ბავშვები აღარ ვართ და კარგად მოგვეხსენება, რომ ბოლოხანს ხალხი ჩვენით უკმაყოფილო იყო. დღეს კი ბიჭები აშკარად მოგებას იმასხურებდნენ. მეტოქეს შეცდომები დავაშვებინეთ და ამით ვისარგებლეთ”.
იულიან ნაგელსმანი, „ლაიფციგის” მწვრთნელი: „ჩვენთვის მეოთხედფინალში გასვლა იოლი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, დღევანდელი თამაშით პატივისცემა დავიმსახურეთ. საპასუხო მატჩში უნდა მოვიგოთ”.