„ევერტონის” თავკაცის კარლო ანჩელოტის სახლში ნიღბიანები შევიდნენ, რომლებიც მწვრთნელის ქალიშვილმა დააფრთხო — ასეთია ღამით გავრცელებული მოკლე ცნობა.

პოლიცია დაუყოვნებლივ გაეშურა ბლანდელსენდისკენ, სადაც ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ქურდებმა სეიფი წაიღეს, თუმცა, როგორც ჩანს, ეგონათ, რომ სახლში მარტონი იყვნენ, რადგან როდესაც კარლო ანჩელოტის ქალიშვილი კატია თავად ცდილობდა გაქცევას, დაფრთხნენ და დანაშაულის ადგილი სწრაფად დატოვეს.

„მირორის” ცნობით, „იუვენტუსის”, „მილანის”, „ჩელსის”, „რეალის”, „პარი სენ ჟერმენის” და სხვა გუნდების ყოფილი მწვრთნელი შინ არ იმყოფებოდა.

არავინ დაშავებულა.

მერსისაიდის პოლიციამ დაადასტურა, რომ სიგნალი ძარცვის შესახებ, საღამოს შვიდის ნახევარზე მიიღეს. პოლიციელთა ცნობით, ანჩელოტების სახლში შევიდა ორი მამაკაცი, რომელთაც ეცვათ შავი წყალგაუმტარი ქურთუკები, სავარაუდოდ, ზედ თეთრი წარწერით და თავზე ბალაკლავები ეხურათ. ბალაკლავა არის ნიღაბი, რომელსაც თვალების და პირის ადგილი გამოჭრილი აქვს.

გამომძიებლებმა მიმდებარე ქუჩების კამერებიდან ჩანაწერები ამოიღეს.

იტალიელმა ერთი ხნის წინ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ საცხოვრებელი გარემოთი ძალიან კმაყოფილია.