არის საშიშროება, რომ პრემიერლიგის კლუბები სამუშაოდ უცხოელ მწვრთნელებს ვეღარ მიიპატიჟებენ — ინგლისურ ფეხბურთში წესი და კანონი შეიცვალა.
პოსტ-ბრექსიტული პერიოდის ახალი რეგულაციები ემიგრაციის საკითხებსაც შეეხო. ეს რეგულაციები იანვარში ჰოუმ ოფისმა და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ ერთობლივად მიიღეს. მათ თანახმად, მომავალში ბევრი უცხოელი მწვრთნელი ბრიტანეთში სამუშაოდ ვეღარ ჩავა. მაგალითისთვის, ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არინ მარსელო ბიელსა და ოლე გუნარ სულშერი დღეს, „ლიდს იუნაიტედსა” და „მანჩესტერ იუნაიტედში” სამუშაოდ ვერ მოეწყობოდნენ.
ახალი რეგულაციების თანახმად, იმისათვის, რომ ადამიანს ბრიტანეთში მწვრთნელად მუშაობის ნება დართონ, ის ზედიზედ ორი წლის მანძილზე ან ბოლო ხუთიდან სამი წლის განმავლბაში, ხუთ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. ეს პირობები „ტოპ ლიგებისთვის”, დაწვრილებით, 12-გვერდიან დოკუმენტშია განსაზღვრული.
თავი დიდი იურიდიულ-ბიუროკრატული დოკუმენტის გარჩევით რომ არ შევიწუხოთ, მაგალითები მოვიყვანოთ. ყველაზე კარგი მაგალითი ოლე გუნარ სულშერია, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობაზე 2018 წელს ჟოზე მოურინიუ შეცვალა. მანამდე ის მუშაობდა ნორვეგიულ „მიოლდეში” რომელიც ზემოთ ნახსენები ხუთი პირობიდან ერთსაც ვერ აკმაყოფილებს.
ბიელსას ცოტა უკეთ აქვს საქმე. სანამ 2018 წელს „ლიდსში” მივიდოდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მან მოკლე პერიოდები გაატარა „მარსელში”, „ლაციოსა” და „ლილში”, მაგრამ… 2017 წლის შემდეგ არსად უმუშავია.
ბრიტანეთში მუშაობის დაწყების კიდევ ერთი ვარიანტი ნაკრების თავკაცობაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უწყვეტად აკეთებდი და გუნდი, რომელსაც სათავეში ედექი ფიფას რეიტინგში 50-ე პოზიციაზე ზემოთაა.
ახალი რეგულაციები ეხებათ მხოლოდ იმ მწვრთნელებს, რომლებიც მომავალში აპირებენ უცხოეთიდან ბრიტანეთში სამუშაოდ ჩასვლას. სპეციალისტებს, რომლებიც უკვე ბრიტანეთში არიან, არავინ არაფერს ეტყვის. თვით მიკელ არტეტასაც კი, რომელიც „მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო და „არსენალში” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გადავიდა.
პრემიერლიგის კლუბებზე ცუდ დღეში ჩემპიონშიპის კლუბები ჩავარდებიან. ზოგადად, ქვედა ლიგებში უცხოელის მოხსნა-დანიშვნა ხშირია, მითუფრო რომ იქ, დაბლა, ელიტურ მწვრთნელებს არ ეძებენ. ის კი არა, ყოფილა შემთხვევა, კონტინენტიდან ფეხბურთის აკადემიის მწვრთნელი მიუყვანიათ.
ჩემპიონშიპის ერთ-ერთი ლიდერ „ნორვიჩ სიტის”, მაგალითად, სათავეში უდგას გერმანელი დანიელ ფარკე, რომელმაც ეს გუნდი ორი წლის წინ პრემიერლიგაში გადაიყვანა. და სად მუშაობდა ფარკე „ნორვიჩამდე”? გერმანული ფეხბურთის მეოთხე საფეხურზე, „დორტმუნდის” B გუნდს ხელმძღვანელობდა.
ძალიან გაუმართლა თბილისის „დინამოს” ყოფილ თავკაცს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჩისკოს, რომელსაც „უოტფორდში” გადასვლა ორი კვირით რომ დაეგვიანებინა, ინგლისში ფეხს აღარავინ შეადგმევინებდა, რადგან მისი გამოცდილება საქართველოსა და ესპანეთის მეოთხე დივიზიონს არ ასცილებია.
ვერც „ბარნლის” გაწვრთნიდა ფრანგი ვალერიენ ისმაილი.
ამიერიდან გართულდება სამსახურში არაბრიტანელი ასისტენტების აყვანაც. ბევრ ცნობილ უცხოელ მწვრთნელს მისთვის სასურველ თანაშემწესთან სურს მუშაობა, მაგრამ ახალი წესების თანახმად ასისტენტიც მოთხოვნილი ხნის გამნავლობაში და მაინცდამაინც ტოპ ლიგაში უნდა იყოს ნამუშევარი.
კიდევ ერთი პრობლემა: მუშაობის უფლება მხოლოდ სამწლიანი იქნება, ასე რომ კლუბები ხანგრძლივ კონტრაქტებს ვეღარ გააფორმებენ.
დირექტორებსა და მენეჯერებსაც ბრიტანეთში დასაქმების ნებას დართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დროის განმავლობაში, მოთხოვნილ ლიგებში ექნებათ ნამუშევარი.