ტურინში, იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, „იუვენტუსმა” და „ინტერმა” 0:0 ითამაშეს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი, მილანში, დასრულდა „იუვეს” გამარჯვებით 2:1 და ორი თამაშის ჯამში, ფინალში „ბებერი ქალბატონი” გავიდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში „იუვენტუსის” მეტოქე იქნება „ატალანტა” ან „ნაპოლი”, რომლებიც ნეაპოლში 0:0-ის შემდეგ, დღეს ბერგამოში ხვდებიან ერთმანეთს.
„იუვენტუსისა” და „ინტერის” გუშინდელი მატჩი დაძაბული გამოდგა როგორ მოედანზე ასევე მის კიდესთან. კამერებმა დააფიქსირა, თუ როგორ ლანძღავდა საფინალო სასტვენის შემდეგ, ტურინული კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, „შავ-ლურჯთა” მწვრთნელ ანტონიო კონტეს. სავარაუდოდ ის იტალიურად ჰყვიროდა სიტყვებს, რომლებიც ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს: „გაა..ვი აქედან და მოკეტე, შე პრო..ო”.
ანიელის გაცხარება, ცხადია ჰაერიდან არ მოსულა. კონტემ ბიზნესმენს ჯერ შესვენებისას, ხოლო შემდეგ თამაშის ბოლოს შუა თითი აჩვენა.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კონტემ ამბის დაწვრილებით მოყოლისგან თავი შეიკავა, მაგრამ თქვა, რომ ყველაფერი მისი ყოფილი დამქირავებლის ბრალი იყო.
„სიმართლე „იუვენტუსმა” უნდა თქვას, — უთხრა მან RAI 1-ს, — ვფიქრობ, მეოთხე მსაჯმა ის, რაც თამაშის მსვლელობისას მოხდა, კარგად ნახა და მოისმინა. ვფიქრობ, მათ მეტი ზრდილობის გამოვლენა მართებთ. მშრომელ ადამიანს მეტი პატივისცემით უნდა მოექცენ.
ხოლო, იმის მოყოლა, რაც თამაშის ბოლოს მოხდა, არც მინდა და არც მჭირდება. ვფიქრობ, განათლების პრობლემასთან გვაქვს საქმე. მორჩა”.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავად მატჩიც დაძაბულად მიმდინარეობდა. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც ლეონარდო ბონუჩიმ კონტე გააკრიტიკა — მსაჯის გადაწყვეტილებებზე მეტისმეტად თეატრალურად რეაგირებო. კერძოდ, საქმე ეხებოდა ეპიზოდს, როდესაც კონტეს აზრით არბიტრმა „ინტერის” სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა. რეალურად კი ლაუტარო მარტინესმა ფედერიკო ბერნარდესკის სიახლოვეს მიწას ფეხი დაჰკრა და თვითონ წაიქცა.
მალე, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ უხეშობისთვის მატეო დარმიენს მსაჯმა ყვითელი ბარათი აჩვენა. ამ გადაწყვეტილებამ კონტე გააცეცხლა და მას ახლოს მყოფ ბონუჩისთან მოუვიდა კამათი.
„მსაჯებს პატივი უნდა სცე”, — დაუყვირია ბონუჩის კონტესთვის.
მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე „იუვენტუსისთვის” ღვაწლმოსილი ფიგურაა. ის ერთგულად ემსახურა ტურინულ კლუბს როგორც ფეხბურთელობის, ასევე მწვრთნელობის პერიოდში. ფეხბურთელმა კონტემ „იუვესთან” ერთად ხუთჯერ მოიგო სერია A-ს ჩემპიონის ტიტული და ვარსკვლავებით სავსე ნახევარდაცვაში ხუთასზე მეტჯერ ითამაშა.
შემდეგ, ანიელიმ კონტეს მწვრთნელად უხმო და მანაც „ბებერ ქალბატონს” სამჯერ მოაგებინა სკუდეტო, თუმცა პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის შავმა კატამ გაირბინა და 2014 წელს, სეზონისწინა სამზადისის დროს, კონტე „იუვედან” ცუდად წავიდა.
უცნაურია, რომ ერთი წლის წინ დაირხა ჭორი, თითქოს ანიელი მწვრთნელს „იუვეში” დაბრუნებას უპირებდა. მაშინ ტურინელთა პრეზიდენტმა თქვა:
„კონტე „იუვენტუსის” ფანია. ის კაპიტანი იყო, სკუდეტოს იგებდა. ჩვენ ნორმალური, მშვიდი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც უნდა ჰქონდეთ პროფესიონალებს”.
მაგრამ, გუშინდელმა ამბავმა ანიელისა და კონტეს მშვიდი ურთიერთობა ეჭვქვეშ დააყენა.